საზოგადოება
გიორგი კობახიძე: „ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა ის მექანიზმი იქნება გამოყენებული, რომელიც დღემდე მოუგონია ცივილიზებულ მსოფლიოს“

kobaxidze25 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო“ მიიღებს მონაწილეობას. საქინფორმი მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრ გიორგი კობახიძეს ესაუბრა: რას ელით ''სახალხო კრებისგან'', რა შედეგით შეიძლება დასრულდეს 25 ნოემბრის შეკრება?
– 25 ნოემბერს ქართველი ხალხი მნიშვნელოვან გადაწვეტილებას მიიღებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს ჩვენი ქვეყნის მომავალი ცხოვრება. ქართველი ხალხის სახელით ამ კრებას საუბრის უფლება იმიტომ აქვს, რომ თითოეული დელეგატის უკან ადამიანების ის რაოდენობა დგას, რომელიც სრულიად საკმარისია ქვეყნისთვის აუცილებელი საკითხების გადასაწყვეტად. ჩვენ ვიყენებთ პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმს, როცა ხალხი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ უნდა იცხოვროს ხვალიდან.
– იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დათმობებზე არ წავა, როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას?
– ხელისუფლება, კარგა ხანია, არ იმსახურებს ნდობას, თუ რისთვის - კარგადაა ცნობილი მსოფლიო საზოგადოებისთვისაც. ძალიან მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული ჩვენი მხრიდან ხელისუფლებას, რომელზეც გარკვეული დროის შემდეგ, ალბათ, პასუხს მივღებთ. ეს ყველაფერი საერთო ჯამში ხელისუფლების უნდობლობას იმსახურებს და ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება. მისი რეალიზებისთვის ყველა მექანიზმი იქნება გამოყენებული, რომელიც კი დღემდე მოუგონია ცივილიზებულ მსოფლიოს. რა თქმა უნდა, დასავლეთ ქვეყნების მაგალითი და გამოცდილება მაქვს მხედველობაში, რომლებიც ახერხებენ ხოლმე იმას, რომ, თუ ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, მაშინ აიძულოს ის, რომ ეს ხმა გაიგონოს და მოიქცეს ისე, როგორც ხალხს სურს.