პოლიტიკა
მაღალმთიან რეგიონებს – 20 მლნ, მთლიანობაში რეგიონებს კი – 1 მლრდ ლარი

საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. მაღალმთიანი რეგიონებისთვის 2016 წლიდან სხვადასხვა სოციალური დახმარება ამოქმედდება – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რეგიონების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი. 

ეს არის, ჩემი აზრით, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რადგან ჩვენ მთლიანად გავაცნობიერეთ ის, თუ რა შეიძლება მოიტანოს ჩვენი ქვეყნის მთიანეთის დაცლამ და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამ ვითარების გამოსასწორებლადძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შეღავათების ამოქმედების შედეგად მაღალმთიან რეგიონებში გაიზრდება ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა“,–განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, მომავალ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებისთვის დაახლოებით მილიარდი ლარია გათვალისწინებული.

“აქედან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 280 მილიონი ლარია გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის. გაგრძელდება „აწარმოე საქართველოსთვის“ პროგრამის მხარდაჭერა.  დღეის მდგომარეობით, აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 139 ახალი საწარმო  და  600 მეტი საწარმოა დაფინანსებული გადაირაღების კუთხით. ინდუსტრიული მიმართულებით, 123 ახალი ქარხანა დავაფინანსეთ, რაც ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიციაა.  კიდევ ერთი ინფორმაცია: ჩვენ 8000 ფერმერს ჩამოვაწერეთ 26 მილიონი ლარის ოდენობის იჯარის დავალიანება“,–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.