პუბლიკაციები
როგორც 2015 წლის 18 აგვისტოს სოკოლოვი “საქინფორმს” აფრთხილებდა, საქართველოში ასპარეზზე გამოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა: ხაზარაძე, გაჩეჩილაძე&პატარკაციშვილების ოჯახი

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. 2015 წლის 18 აგვისტოს ინკოგნიტო წყარომ, რომელიც თავის თავს “ალექსანდრ სოკოლოვს” უწოდებდა, საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის პირად e-mail-ზე გამოგზავნა წერილი, რომელიც დღემდე ელექტრონული ფოსტის არქივში ინახება. წერილი შეიცავდა “პირთა ჯგუფის მიმართვას”, რომლებიც გვაფრთხილებდნენ - საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე მალე გამოვა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შემდეგი ტანდემი წარმოადგენს: ბანკირი მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმენი ლევან გაჩეჩილაძე, მეტსახელად “გრეჩიხა” და აწ გარდაცვლილი ოლიგარქის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.

 2015 წლის 24 სექტემბერს საქინფორმმა უცვლელი სახით გამოაქვეყნა სენსაციური კონფიდენციალური ინფორმაციით გაჯერებული ის მიმართვა. პუბლიკაციას ასეც ერქვა - “ახალი პოლიტიკური ძალა საქართველოში: ხაზარაძე, გაჩეჩილაძე&პატარკაციშვილების ოჯახი”.

 და აი, გუშინ, 2016 წლის 2 თებერვალს, საქინფორმის წყაროს პროგნოზი ნაწილობრივ დადასტურდა: TV “მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა ბიზნესმენ ლევან გაჩეჩილაძის ძმა - მომღერალი გია გაჩეჩილაძე სასცენო ფსევდონიმით უცნობი. ცვლილებები საჯარო რეესტრის ვებგვერდზე უკვე აისახა: მომღერალმა, რომელიც ისედაც ფლობდა “მაესტროს 25 პროცენტს, გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან 15-15 პროცენტი შეიძინა და აქციების 55% მფლობელი გახდა.

 საჯარო რეესტრის ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძესთან ერთად “მაესტროს აქციების 25% მფლობელია მაკა ასათიან, 15% - მამუკა ღლონტ, 5% - ეკატერინა აკობია.

 თანხა, რომელიც გაჩეჩილაძემ ყოფილ მოწილეებს გადაუხადა, არ სახელდება. გარიგებას წინ უძღოდა ცვლილებები სარეკლამო ბაზარზე - “მაესტროს სარეკლამო დრო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ტელეკომპანია იმედმა შეიძინა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქინფორმის ზემოთ აღნიშნულ პუბლიკაციაში ალექსანდრე სოკოლოვის მიერ გაკეთებულ პროგნოზს.

საქინფორმის რედაქცია