აქტუალური
„რაც შეიძლება მეტი ნატოს სამხედრო მოსამსახურე და წვრთნები საქართველოში! – ახირებული ხიდაშელი რუსეთს აჯავრებს

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემაში „მოამბე“ პირდაპირი ჩართვისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება.

 „ველოდები, რომ ვარშავიდან საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო ძლიერი პოზიციებით იქნება გამყარებული. ჩვენ გვექნება უფრო მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტი, მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებები, უფრო მეტი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერაც. ამას ყველანი ძალიან კარგად ნახავთ სულ რამდენიმე თვეში იმ საერთაშორისო წვრთნების დროს, რომელიც საქართველოში გაიმართება. შარშან პირველი წელი იყო, როდესაც საქართველოს რეალობისთვის სრულიად უპრეცედენტო წვრთნები ჩატარდა ჯერ მაისში, შემდეგ ივნისში. 2016 წელი კიდევ უფრო უხვმოსავლიანი იქნება ამ თვალსაზრისით. რაც შეიძლება მეტი ნატოს სამხედრო მოსამსახურე საქართველოში ჩვენი ჯარის მხარდასაჭერად, ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, უფრო მეტი სწავლებებისთვის. რაც შეიძლება მეტი თანამედროვე ტექნიკა, რომელთანაც წვდომა ექნებათ ჩვენს სამხედროებს და რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სტუმრიანობა ქვეყანაში იმისათვის, რომ არავის მეორე აზრი არ გაუჩნდეს, როდესაც საქართველოზე დაფიქრდება“, - ქარაგმულად მიანიშნა რუსეთზე ახირებულმა ხიდაშელმა, რამაც არნახულად „შეაშინა“ კრემლი...