რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “სანდრამ რიგის აეროპორტში ფეხსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა, იმიტომ, რომ იქ მეხსიერების ბარათს მალავდა ინტიმური ვიდეოებით?!”

 სკანდალი ინტერნეტში სამი ფარულად გადაღებული ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, სადაც მაღალი რანგის ცნობილი ქართველი პოლიტ-ვუმენები ქმრებს ღალატობენ, კიდევ დიდხანს იქნება ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მითუმეტეს, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია, ახალი ვიდეოები გამოჩნდეს. 2012 წელს საქართველოს შსს-მ, ჟურნალისტებისა და დიპკორპუსის თანდასწრებით,  მის მიერ აღმოჩენილი სააკაშვილის დროინდელი ორიგინალები - 12 ათასზე მეტი ვიდეოს შემცველი დისკები გაანადგურა. მაგრამ ყოფილმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ასლების გაკეთებაზე იზრუნა: “საქართველოდან კადრების გატანას მხოლოდ ერთი დღე სჭირდება, მაშინ, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ახალი ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების გადაბარებამდე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდს დაახლოებით 25 დღე ჰქონდა”, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ დღევანდელი ვიდეოშანტაჟი სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტიის - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებულია.

 შეიძლება დავეთანხმოთ ბატონ იზორიას: ყველა ვიდეო, რომლებიც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სხვა ე.წ. ცნობადი სახეების ინტიმურ ცხოვრებას ასახავს, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეიქმნა - იმ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ხმათა უმრავლესობით ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, რომელსაც, მისივე აღიარებით, ხმების 45%-ზე მეტის მოპოვების  იმედი არ ჰქონდა. ეს საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული “ნაცმოძრაობის” ლიდერებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ ისინი წინასწარ ვიდეოების ასლების დამზადებას და ქვეყნიდან გატანას არ აპირებდნენ.

 ლევან იზორიამ ისიც აღნიშნა, რომ სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოკადრები, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, სოციალურ ქსელებში უკრაინიდან, შვედეთიდან და ლატვიიდან აიტვირთა. “ჩვენ მომსახურების საერთაშორისო ცენტრებს მივმართეთ. აქ ლაპარაკია Google-ზე, Facebook-ზე და YouTube-ზე. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რომელიღაც კონკრეტული ვიდეოები კონკრეტული ქვეყნებიდან აიტვირთა”, - განაცხადა იზორიამ, რომელმაც დაუშვა, აგრეთვე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურთა ხელშიც იყოს, მათ შორის - რუსეთის.

 აი, ამას კი ვერ დავეთანხმებით, იმიტომ რომ ამაში ФСБ ან ГРУ რომ ყოფილიყვნენ დაინტერესებული, ისინი ამ ვიდეოებს  აშშ-ის FBI-სა და СIA- მიერ არაკონტროლირებად რუსულ საიტებზე ატვირთავდნენ. ასეთ შემთხვევაში ევროატლანტიკური ორიენტაციის ცნობილ ქართველ პოლიტიკოსებზე კომპრომატების შემცველი  ვიდეოები თვალის დახამხამებაში გავრცელდებოდა რუსულ ინტერნეტრესურსებზე, რომლებზეც FBI-სა და СIA- კონტროლი არ ვრცელდება. ამგვარად, “რუსეთის სპეცსამსახურების” მიზანი მიღწეული იქნებოდა - საქართველოს ნატო-ში შესვლის მხარდამჭერ ქართველ პოლიტიკოსებს მთელ მსოფლიოში თავი მოეჭრებოდათ მათი უზნეობის გამო, რამაც თავის დროზე თვით აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონსაც კი ლამის პრეზიდენტობა დააკარგვინა!

 მაგრამ ვიდეოები ოფიციალურად აშშ-ის FBI-სა და СIA- მიერ მთლიანად კონტროლირებად უმსხვილეს ამერიკულ ინტერნეტრესურსებზე Google-ზე, Facebook-ზე და YouTube-ზე აიტვირთა, რომლებმაც ისინი ოპერატიულად დაბლოკეს და მათი ნახვა ბევრმა ვერავინ მოასწრო. თანაც, რუსეთის სპეცსამსახურები ასე უხეშად არ იმუშავებდნენ და არ გარისკავდნენ, საქართველოში ხომ ისედაც მიღებულია ყველგან “რუსული კვალის” ძებნა, მაშინაც კი, როცა “ბნელ ოთახში შავი კატა არ არის”…

 ვიმეორებ: რუსეთს საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში ისედაც დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზება და დასავლური ყაიდის ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების კომპრომეტირება  რომ მოენდომებინა, ამ ყველაფერს საკუთარ, ამერიკული სპეცსამსახურების მიერ არაკონტროლირებად ინტერნეტრესურსებზე განათავსებდა და ამ ვიდეოებზე სახეებს “მზრუნველად” არ დაფარავდა - რა აზრი ჰქონდა?!

 აი, უკრაინა, შვედეთი და ლატვია კი მთლიანად ზემოხსენებული ამერიკული სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან! როგორც ამ ფაქტის გამოსაძიებლად თბილისში საგანგებოდ ჩამოსული FBI-ს სპეციალისტების ჯგუფი მოწმობს, ეს სკანდალური ვიდეოსიუჟეტები სწორედ იქიდან აიტვირთა! რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს - დაწყებული ვიდეოშანტაჟი სააკაშვილის ყოფილი მმართველი გუნდის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის ორგანიზებული, და აი, რატომ.

 1. უკრაინა - იქ ცხოვრობს და მუშაობს უკრაინის მოქალაქე, ოდესის ოლქის გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი და ძებნილი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი, ამ ვერსიას მივუძღვენი ჩემი წინა პუბლიკაცია “ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების დაანონსება მაჭავარიანს მათმა რეჟისორმა და გამავრცელებელმა - სააკაშვილმა დაავალა!”.

 2. შვედეთი - იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, ძირითადად, რუსოფობები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან, იქაც, როგორც უკრაინაში, სააკაშვილის ყოფილი მაღალჩინოსნები ჩადიან საქართველოში სახელმწოფო გადატრიალებისათვის ინსტრუქციების მისაღებად (კორექტული მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ დავასახელებ ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის ცნობილ გვარებსა და სახელებს, საქართველოს მთავარი პროკურატურა და სუს-ი ადვილად იპოვის მათ თბილისის აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტის კომპიუტერებში).

 3. ლატვია - აი, აქ კი საქართველოს სუს-სა და მთავარ პროკურატურას შევახსენებ საინტერესო ფაქტს, რომელიც  ცოტა განსხვავდება საქართველოდან ვიდეოჩანაწერების გატანის 25-დღიან პერიოდთან დაკავშირებით ლევან იზორიას ზემოაღნიშნული ვერსიისგან და მიხეილ სააკაშვილის ცბიერ წინდახედულებაზე მეტყველებს.

 საქმე ის არის, რომ 2012 წლის ივნისში სააკაშვილის მეუღლემ - ჰოლანდიელმა სანდრა რულოვსმა რიგის აეროპორტში საშინელი სკანდალი მოაწყო - მან სასტიკი უარი განაცხადა შემოწმებისთვის ფეხსაცმელების გახდაზე (ვიდეო იხ. აქ).

 შეკითხვა: რატომ არ დაემორჩილა ჩვეულებრივ კანონმორჩილი ევროპელი ქალბატონი მსოფლიოს ყველა აეროპორტში მიღებულ წესებს? ხომ არ მალავდა საქართველოს მაშინდელი პირველი ლედი ფეხსაცმელში მეხსიერების ბარათს, სადაც ქართველი პოლიტიკოსების ინტიმური ცხოვრების ამსახველი სკანდალური ვიდეოები იყო ჩაწერილი, რომლებიც ამგვარი იდუმალი გზით აღმოჩნდა ლატვიაში?! სააკაშვილი ხომ ვერაფრით ივარაუდებდა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მეუღლეს აეროპორტში ჩვეულებრივი მგზავრივით შეამოწმებდნენ…

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 5 აპრილი
საქართველო, თბილისი