აქტუალური
“IRI-სა და NDI-ს კვლევების კორექტირება სხვადასხვა ძალისთვის სასურველი პოლიტიკოსების სასარგებლოდ ხდება” - ირაკლი გოგავა

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ს ყოფილი თანამშრომელი ირაკლი გოგავა ორგანიზაციის გამოკითხვის მეთოდოლოგიაზე გაზეთ “კვირის პალიტრას” ესაუბრა.

 “IRI-სა და NDI- კვლევების კორექტირება სხვადასხვა ძალისთვის სასურველი პოლიტიკოსების სასარგებლოდ ხდება.  IRI და NDI  ჯგუფებს წინასწარ ამუშავებენ და რესპონდენტად არჩევენ იმ ოჯახის წევრს, ვინც უნდა გამოჰკითხონ.

 ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ კვლევის სპონსორი შვედეთის სამთავრობო ფონდი “სიდაა”, რომელსაც შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი კარლ ბილდტი კურირებს. ზოგჯერ პოლიტიკური რეიტინგების საბოლოო კორექტირება ვაშინგტონის მთავარ ოფისშიც ხდება... სხვა მხრივ წარმოუდგენელია, “ნაციონალურ მოძრაობას” საზოგადოებაში 19%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს. ჩემი ინფორმაციით, ეს რიცხვი დღეს 4-5%-ს არ სცდება, თანაც IRI-ს შემთხვევაში ჯერ ისიც არ ვიცით, გამოკითხულთა რამდენი პროცენტიდან გამოიანგარიშეს სააკაშვილის პარტიის 19%. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, ვის მისცემს ხმას, “ნაციონალურ მოძრაობას” ნდობას არ გამოუცხადებს. გამოკითხულთა ამ ჯგუფიდან “ნაციონალების” მხარდამჭერი საკუთარ სიმპათიას აუცილებლად გაახმოვანებდა, რადგან აქსიომაა – თუ ქვეყანაში ხელისუფლების შიში არ არის და მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნით არ ატერორებენ, ხალხი კვლევებში უმეტესწილად ოპოზიციური პარტიისთვის მხარდაჭერას აფიქსირებს. დღეს ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველს პოლიტიკური ნიშნით დევნიან“, – განაცხადა, კერძოდ, გოგავამ.