სამართალი
"თუ "რუსთავი 2"-ს დაემუქრება საფრთხე, ჩვენ დავდგებით იქ და მაიდანი დაიწყება "რუსთავი 2"-დან" – პაატა დავითაია

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2"-ის დასაცავად საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები დადგებიან.

 "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. პრემიერი როდესაც გამოვიდა ევროპის საბჭოში, მოიტყუა და ფაქტიურად ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოსდა "რუსთავი 2"-თან არაფერი არ ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ფონზე მეორე ტალღა წავიდა "რუსთავი 2"-ზე. ჩვენ ვღებულობთ მედიათაღლითობას პოლიტიკურ თაღლითობასთან ერთად, რაც ეხება "რუსთავი 2"-ზე შეტევას. .. პოლიტიკური თაღლითობა და მედიათაღლითობა ერთად ნიშნავს არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეჩერდეს, დაანებოს  ზეწოლა თავისუფალ მედიაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები დადგება "რუსთავი 2"-ის დასაცავად.

 სულ არ მაინტერესებს, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მე მაინტერესებს ის, რომ თუ "რუსთავი 2"-ს დაემუქრება საფრთხე, ჩვენ დავდგებით იქ და მაიდანი დაიწყება "რუსთავი 2"-დან და არა არჩევნებიდან, არა სააკაშვილიდან და არა ვინმესგან. ქართველი ხალხი დადგება სიტყვის თავისუფლების დასაცავად. დღეს ამოსავალი წერტილი არის სიტყვის თავისუფლება, რაც არის გარანტი ნორმალური არჩევნების ჩატარების... ზოგიერთი ტელევიზიის ყურებისას გეგონებათ, სხვა პლანეტაზე ცხოვრობთ. რეალობას ხედავთ "რუსთავი 2"-ში", - განაცხადა დავითაიამ.