საზოგადოება
აშშ–ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NDI–ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო: დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკის სტაბილური განვითარება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიან, ღია და თავისუფალ გარემოში, რაც არის საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეხვედრაზე დამსწრე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტებისთვის.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას უძღვებოდნენ NDI-ს, IRI-სა და საერთაშორისო საარჩევნო ფონდის პრეზიდენტები. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.