პოლიტიკა
„30 წლის ახალგაზრდა მამაკაცის უმოწყალო მკვლელობა ამაზრზენი ფაქტია და ამისთვის პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას - რუსეთს უნდა დაეკისროს“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

 „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთის ფედერაციის აქტივობის შედეგია. ამდენად, ჩვენ ველოდებით შესაბამის რეაგირებას, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან. სამწუხაროდ, ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 „ნდობის აღდგენის პროცესში ვაწყდებით ისეთ სირთულეებს, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის; საზღვრის გადმოწევა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და გორის რეგიონში ქართველი გლეხების კუთვნილ ბაღებში მისი გავლება. ეს მოვლენები შემაშფოთებელია, რადგან ჩვენ ამ ქმედებებზე ეფექტური პასუხის გაცემა არ შეგვიძლია - ჩვენი პარტნიორების დახმარებით მშვიდობიან, ძალის გამოუყენებლობის პოლიტიკას ვატარებთ. გასული ათწლეულების მანძილზე გაუარესებული ურთიერთობის დათბობა მხოლოდ თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკითაა შესაძლებელი. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.