პუბლიკაციები
ფედერიკა მოგერინი - საქართველო იმსახურებს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო რაც შეიძლება მალე აღიარონ

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა და იმსახურებს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო რაც შიძლება მალე აღიარონ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 ფედერიკა მოგერინის თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

 “განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში. ყველა წევრმა სახელმწიფომ მკაფიოდ აღნიშნა - ეჭვგარეშეა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა და ახლა თავმჯდომარე ქვეყანამ -  ნიდერლანდებმა ეს საკითხი ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს. ყველა წევრმა სახელმწიფომ აღიარა, რომ საქართველომ შეასრულა შესანიშნავი სამუშაო და იმსახურებს ამის აღიარებას, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.