პოლიტიკა
„მოხარული ვართ, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩართვისგან საარჩევნო პერიოდში“ – თომას მელია

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელიამ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 „შეხვედრაზე, განვიხილავდით რა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს და მომავალ არჩევნებს, მრავალ საკითხს შევეხეთ. მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლითაც სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩართვისგან საარჩევნო პერიოდში. ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პრობლემა იყო აქ და ბევრ სხვა ქვეყანაში. ახლა მნიშვნელოვანია, მთავრობამ განმარტოს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე დანარჩენი მოქალაქეებისთვის, თუ რას ნიშნავს რესურსების არასწორი ხარჯვა და რომ ეს მონიტორინგს ექვემდებარება“, - განაცხადა მელიამ.