საზოგადოება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გვიპასუხოს, რატომ იყო შერჩევითი სამართალი კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ“ – მამუკა მდინარაძე

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის დასაკავებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინა.

 „საინტერესოა, ახლა რას იტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ სწრაფად დააკავა ე.წ. კანონიერი ქურდი გერლიანი, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა სახელით და გვარით?“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა.

 მამუკა მდინარაძე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რატომ არ ინტერესდებოდნენ თავის დროზე იმით, რომ 2006-2012 წლებში კანონიერი ქურდები, კრიმინალური ავტორიტეტები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად საქართველოს ტერიტიორიაზე. არის რაღაც დაჯგუფება, რომელიც იყო მისაღები „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არის დაჯგუფება, რომელიც არ იყო მათთვის მისაღები და იჭერდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვ, გამოაქვეყნონ კრიმინალური ავტორიტეტების სია, რომლებიც 2006-2012 წლებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გასცენ კითხვას პასუხი - რატომ ხდებოდა ასე, რატომ იყო შერჩევითი სამართალი კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.