პუბლიკაციები
"საქართველოს ხელისუფლებაში არ იციან, თუ რაში მდგომარეობს პროქართული პოლიტიკის არსი და რაობა!” - ჯუმბერ კირვალიძე

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე:

 „დღეს, ანტიევროპული, ანტინატოური და პრორუსული პოლიტიკური რიტორიკა, ისეთივე ანტიქართულია, როგორიც პროამერიკული და პრონატოური პოლიტიკური რიტორიკა!

 საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და დე–ფაქტო სამხედრო–პოლიტიკური მდგომარეობიდან (კონტროლიდან გასული სეპარატისტული რეგიონები და რუსული ოკუპაცია) გამომდინარე, პროქართული პოლიტიკური რიტორიკაა ის, რომელიც მიმართულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ, რაც შეუძლებელია განხორციელდეს დასავლეთის და რუსეთის აქტიური დიალოგის, კომპრომისის და მათ შორის გეოსტრატეგიული შეთანხმების გარეშე. საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა–შენარჩუნება მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი.

 აი, ეს გახლავთ პრო–ქართული ვექტორი და არა ზევით ნახსენები ორი სხვა, სადაც ერთის შემთხვევაში (პროდასავლური), საქართველო ვერ აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მეტიც, შეიძლება მისი ტერიტორიული რღვევა გაგრძელდეს; და მეორე შემთხვევაში (პრორუსული), საქართველო გახდება რუსეთზე დამოკიდებული "ვასალიტი",

 საქართველო და ქართველი ხალხი დიდი ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია (ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაცია), კულტურით, სარწმუნოებით, მენტალიტეტით და ევროპა "ვერსად წაგვივა", მაინც "იქ ვიქნებით"... აი, თუ ისევ, სულსწრაფობა და სიბრიყვე გამოვავლინეთ, მაშინ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებთან ერთად, სუვერენიტეტსაც დავკარგავთ და მომავალი განვითარების პერსპექტივასაც!
P.S. ჩვენი ხელისუფლება კი, რას სჩადის?! დასავლეთის მიმართულებით მთელი "არმიაა გადასროლილი", ხოლო რუსთის მიმართულებით, ერთი "უარმიო სარდალი", ბ–ნი აბაშიძის სახით... ეტყობა, რომ ხელისუფლებაში არ ესმით და არ იციან, თუ რა მოიმოქმედონ და რაში მდგომარეობსპროქართული" პოლიტიკის არსი და რაობა.