აქტუალური
„მინდა ვიკითხო: როცა 11 სექტემბერს ტერორისტებმა ტყუპი–ცათამბჯენები დაანგრიეს, მტკიცებულებები საჭირო იყო?!“ – თურქეთის პრემიერი

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სამხედრო გადატრიალების ლიდერი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, თურქეთის უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი, გენერალი აკინ ოზთურქია. ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება.

16 ივლისის ამბოხის იდეოლოგად კი თურქეთის ხელისუფლება ამერიკაში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირს ფეთჰულაჰ გიულენს მიიჩნევს. ერდოღანმა გიულენი  თურქეთის მტრად გამოაცხადა.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მათ შორის არიან პოლიციის 7899 ოფიცერი და ჟანდარმერიის 614 ოფიცერი. ამას გარდა, თანამდებობები დატოვეს რამდენიმე პროვინციის გუბერნატორებმა და ოლქების მმართველებმა.

პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აშშ-სგან გიულენის ექსტრადირება მოითხოვა. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს ამ დრომდე ანკარისგან ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია. მისი თქმით, გიულენის ექსტრადირებისთვის ანკარამ მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, მოხდება მათი შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ უკევ გაგზავნა აშშ–ში მქადაგებელი ფეთჰულა გიულენის ესტრადიციის შესახებ მოთხოვნა. ამის შესახებ 19 ივლისს რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრმა ბინალი იილდირიმმა განაცხადა, რომლის სიტყვებიც მოჰყავს Hurriyt–ს.

ჩვენ მივმართეთ აშშ–ს ტერორისტის (გიულენის) გადმოცემის მოთხოვნით და გავაგზავნეთ მოთხოვნა. ეს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა“, – განაცხადა იილდირიმმა და არნიშნა,რ ომ ამერიკის ხელისუფლებას ასევე გადაეცა ოთხი დოსიე დოკუმენტებით, რომლებიც ანკარის მოთხოვნის საფუძვლიანობას ამტკიცებს. „მაგრამ მე მინდა ვიკითხო: როცა 11 სექტემბერს ტერორისტებმა ტყუპი–ცათამბჯენი დაანგრიეს, მტკიცებულებები საჭირო იყო?“ – დასძინა თურქეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა და ხაზო გაუსვა, რომ თურქეთი ყოველთვის ახდენდა ტერორისტების ექსტრადირებას აშშ–ში ვაშინგტონის პირველივე მოთხოვნისთანავე და არასოდეს მოუთხოვია „აშკარა მტკიცებულებები“.