პოლიტიკა
„ერთის მხრივ, ჩვენ ვრჩებით დასავლური კურსის ერთგულნი, ხოლო მეორეს მხრივ, ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან" - პრემიერი კვირიკაშვილი (ვიდეო)

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. "ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული სიითაც ეყოლება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარადგინა (ვიდეო იხ. აქ).

 „ერთის მხრივ, ჩვენ ვრჩებით დასავლური კურსის ერთგულნი, ხოლო მეორეს მხრივ, ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები მეზობლებთან, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს რუსეთი. არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში, მაგრამ საქართველოს სჭირდება ნორმალური ურთიერთობები ყველა მეზობელთან. ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში შევძელით და გავხსენით ვაჭრობა რუსეთთან და დღეს ისევ ჩამოდიან ტურისტები რუსეთიდან. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, შეგვემცირებინა დაძაბულობა", - განაცხადა პრემიერმა.

 შეხვედრის დროს 5-წუთიანი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ  ენზელ მკოიანსა  და დეპუტატ სამველ პეტროსიანს შორის. ისინი წარადგენენ ისეთ დეპუტატებს, რომლებიც ახალქალაქისთვის არაფერს გააკეთებენ. ამან გამოიწვია ჩვენი გაღიზიანება და ინციდენტი ამიტომ მოხდა! - განმარტა სამველ პეტროსიანმა, განაწყენებულმა, რომ ახალქალაქის მაჟორიტარ კანდიდატად მისი შვილი კი არა, ენზელ მკოიანი წარადგინეს (ვიდეო იხ. აქ).

 “რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის დესტრუქცია, ნუ უსწრებთ მოვლენებს წინ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვთქვი, რომ ახალქალაქს ეყოლება წარმომადგენელი. პატივი ეცით პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე სხვას“, - მოუწოდა გიორგი კვირიკაშვილმა და დაპირისპირების ადგილი დატოვა. მოგვიანებით სამველ პეტროსიანმა და მისმა მომხრეებმა, დაახლოებით 200-მა ადამიანმა, ღონისძიება დატოვეს და გადაინაცვლეს ახალქალაქში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია ნახევარ საათს გაგრძელდა.