სამართალი
"თხოვნით მივმართავ ჩემი პარტიის ხელმძღვანელობას არ შემიყვანონ პარტიულ პროპორციულ სიაში!" - დიმიტრი ხუნდაძე

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს ღია სატელევიზიო დებატები შესთავაზა, რაზეც ჩოჩელი დასთანხმდა, თუმცა, მის განცხადებაში შეურაცხმყოფელი ბრალდებები გაჟღერდა. დიმიტრი ხუნდაძე ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 „ჩოჩელმა თავად აღიარა რომ ხალხს ატყუებდა, თითქოს ის ოცნების ფარული კანდიდატი იყო. რაც შეეხება მის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ჩემი სტილი არ არის დაბინძურებული ლექსიკა, მე ყოველთვის ფაქტებით და არგუმენტებით ვსაუბრობ. ვფიქრობ, ჩვენი დებატები ნამდვილად საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. ამასთანავე, დღეს პირველად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. თხოვნით მივმართავ ჩემი პარტიის ხელმძღვანელობას, არ შემიყვანონ პარტიულ პროპორციულ სიაში. მე პარლამენტში შევალ მხოლოდ და მხოლოდ ისევ მცხეთელების და რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერით. 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და დემოგრაფიული პროექტის ხელმძღვანელი. ასევე, ჩემს გუნდთან ერთად ბევრი რამ გავაკეთე ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული გამარჯვებაში“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.