პოლიტიკა
ნატო-მ სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა საქართველოსთან რუსეთის ომის შესახებ საგანგაშო სიგნალებს – ვერშბოუ

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატო ხედავდა საგანგაშო სიგნალებს, როგორიცაა რუსეთის საქართველოსთან 2008 წლის ომი, მოლდოვაში რუსეთის ჯარების არალეგალური განთავსება, თუმცა სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა მათ. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ ჟანა ნემცოვასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ვერშბოუს ინტერვიუ “დოიჩე ველემ” გამოაქვეყნა.

 ალექსანდრ ვერშბოუ აცხადებს, რომ ნატო-ს არ სურდა აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების განთავსება, თუმცა რუსეთმა ალიანსს სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

 “2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებითა და ყირიმის ანექსიით, რუსეთმა სრულად შეცვალა პარადიგმა. ჩვენი აზრით, ჩვენს ურთიერთობებში კრიზისზე, უპირველეს ყოვლისა, რუსეთია პასუხისმგებელი. ჩვენ ვხედავდით საგანგაშო სიგნალებს, თუმცა არ მივანიჭეთ მათ სათანადო მნიშვნელობა. ომი საქართველოსთან 2008 წელს, მოლდოვაში რუსეთის ჯარების განთავსება - ყველაფერი ეს  მეტყველებს მეზობელი სახელმწიფოების სურვერენიტეტისადმი უპატივცემულობაზე. ჩვენ ვერ წარმოვიდგინეთ მეზობელი ქვეყნის ნაწილის რეალური ანექსიის შესაძლებლობა”, - განაცხადა ვერშბოუმ.

 ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებამ რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სტაბილურობის სარტყელი შექმნა, თუმცა კრემლისთვის მომგებიანია ალიანსის მტრად წარმოჩენა.