პოლიტიკა
საქართველო აგრძელებს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს – პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა ევროპული საბჭოს სათავო ოფისში გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივებზე და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ახლო მომავალში ამოქმედდება.

გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტუსკმა ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალ სამიტზე, რომელიც 2017 წელს გაიმართება.

მხარეებმა რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოხატა აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული ე.წ. შეთანხმების გამო.

შეხვედრის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტუსკს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისათვის.