უცხოეთი
„უცხოური მედია მიკერძოებულ შეფასებას აძლევს რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას“ – პუტინმა რუსეთის საინფორმაციო უსაფრთხოების ახალი დოქტრინა დაამტკიცა

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის საინფორმაციო უსაფრთხოების ახალ დოქტრინას. წინა დოქტრინა რომელიც 2000 წლის სექტემბრიდან მოქმედებდა ძალადაკარგულად გამოცხადდა. ახალი დოქტრინა ძირითადად საზღვარგარეთიდან მომავალ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაპირისპირებაზეა აგებული.

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაფართოება, ამასთანავე ნათქვამია ისიც, რომ ზოგიერთი საზღვარგარეთის ქვეყანა ამ ტექნოლოგიებს სამხედრო მიზნებისთვისაც იყენებს.

დოქტრინის თანახმად, ორგანიზაციებმა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო ორგანოების, კვლევითი ორგანიზაციების და სამხედრო-სამრეწველო საწარმოების ტექნიკურ დაზვერვას ახორციელებენ თავისი მუშაობა გააძლიერეს, შესაბამისად უნდა გაძლიერდეს მათთან გასამკლავებლად მუშაობა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები ახორციელებენ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც მიმართულია პოლიტიკური და სოციალური დესტაბილიზაციისაკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და უკანასკნელ პერიოდში ხორციელდება ინფორმაციული ზემოქმედება რუსეთის მოსახლეობაზეც, პირველ რიგში კი ახალგაზრდებზე, იმ მიზნით რომ ამოძირკვოს ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებები. როგორც დოქტრინაშია ნათქვამი, უნდა გატარდეს სამუშაოები ამ ზემოქმედების გასანეიტრალებლად.

რუსეთის საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინა ძალაში 6 დეკემბერს შევიდა.