აქტუალური
საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ანგარიში წარადგინა, რომელშიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაა შეფასებული. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 30 ნოემბრამდე დროის შუალედს.

 როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" აცხადებენ, განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთლიანობაში არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე.

 არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტეს, რომ არჩევნების პროცესზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების შესახებ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს. ზოგიერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არასამართლიანი და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ამ კუთხით აღსანიშნავია პარლამენტის მიერ მიღებული უფასო სარეკლამო დროის განაწილების ახალი წესი. დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ბევრი ფაქტი, ხშირი იყო სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება ვიდეორგოლებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც ცალსახად დაირღვეოდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები.