პუბლიკაციები
ლინკოლნ მიტჩელი: საქართველოს ამერიკელ მეგობრებს არ ექნებათ სივრცე, რათა მომავალშიც გაიმეორონ "ნაციონალური მოძრაობის" მცდარი განცხადებები, თითქოს" ქართული ოცნება" პრორუსული ძალაა

  2017 წელს საქართველოს წინაშე მდგარი ოთხი კითხვა,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკელი ექსპერტი ლინკოლნ მიტჩელი.

 "სხვა წლების მსგავსად, 2017 წელიც, როგორც ჩანს, საინტერესო და ამაღელვებელი იქნება საქართველოსთვის. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მცდარი იყო ჩემი 2016 წლის პოლიტიკური პროგნოზი, ამჯერად თავს შევიკავებ საქართველოსა, თუ სხვა რომელიმე ქვეყნისთვის რაიმე პროგნოზის გაკეთებისგან. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელთა წინაშეც საქართველო დადგება წელს და რომელთა განხილვაც სასურველი იქნებოდა. იმას, თუ რა პასუხს გასცემს საქართველო ამ კითხვებზე, უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მომავლისთვის.

 შეუძლია თუ არა საქართველოს მანევრირება გლობალურ გარემოში? ახალი წელი საქართველოში დაიწყო სამი გავლენიანი ამერიკელი სენატორის ვიზიტით: ჯონ მაკკეინი (რესპუბლიკელი არიზონიდან), ლინდსი გრემი (რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან) და ემი კლობუჩარი (დემოკრატი მინესოტიდან). ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო სენატორების მიერ აშშ-საქართველოს ურთიერთობების სიმტკიცის დადასტურება. ის, რომ ამის საჭიროება საერთოდ გაჩნდა, ადასტურებს რუსეთისა და ამერიკის ლიდერების პოლიტიკური ურთიერთობების სწრაფ ცვალებადობას. სამწუხაროდ, ამ სამი გულწრფელი და კეთილმოსურნე სენატორის ვიზიტი შეშფოთებას დიდად ვერ აღმოფხვრის. საინტერესოა, რომ ამ ტრიოს (განსაკუთრებით კი სენატორ გრემის) მიერ საქართველოსა და მისი ახლანდელი მთავრობის მიმართ გამოთქმული ქების სიტყვები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ამერიკელი მეგობრებს არ ექნებათ რაიმე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური სივრცე, რათა მომავალშიც გაიმეორონ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მცდარი განცხადებები, რომ თითქოს" ქართული ოცნება" პრორუსული ძალაა",-წერს მიტჩელი.

 მისივე აზრით, დონალდ ტრამპის არჩევა საქართველოსთვის, სულ მცირე, ძალიან დიდი გაურკვევლობის მომასწავებელია. ტრამპის კამპანია ეფუძნებოდა ხედვას, რომლის მიხედვითაც აშშ ნაკლებად იქნება ჩართული დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში. ტრამპი ნაკლებად არის გამოცდილი საერთაშირისო პოლიტიკაში და მას ახასიათებს მიდრეკილება ყველაფრის პირადად თავის თავზე მიღებისკენ, დაწყებული სატელევიზიოჯილდოსთვის კონკურსში დამარცხებული და დამთავრებული ტერორისტული აქტებით. გარდა ამისა (და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის), ამერიკის ახალი პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მოჯადოებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პიროვნებით, ხოლო მისი გამარჯვება ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა მცირე უმრავლესობით, სულ მცირე, ნაწილობრივმაინც წარმოადგენს დემოკრატიულ პარტიაზე რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული შეტევის დამსახურებას.

"შესაძლებელია, თუმცა კი ნაკლებად სავარაუდო, რომ ამას არ ექნება დიდი გავლენა საქართველოზე. კონგრესში, აშშ-ის მთავრობასა და ამერიკის ფართო საგარეო პოლიტიკურ საზოგადოებაში კიდევ ბევრია საქართველოს მხარდამჭერი, ასევე ისინი, ვისაც რუსეთი უბრალოდ მოყირჭდა. მიუხედავად ამისა, უფრო სავარაუდოა, რომ მოსკოვი შეეცდება ამერიკის პრეზიდენტთან ახალი ურთიერთობების გამოყენებას, რათა შეასუსტოს კავშირები ვაშინგტონსა და თბილისს შორის. საქართველოს მთავრობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს და ძალ-ღონე არ დაიშუროს, რათა შეინარჩუნოს ეს ურთიერთობები, რათა საქართველო არ ემსხვერპლოს პრეზიდენტ ტრამპს და პუტინს შორის აღმოცენებულ ახალ და თბილ გრძნობებს. შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა ამის გაკეთებას 2017 წელს დიდად განაპირობებს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავად სუვერენიტეტის მომავალს",-მიიჩნევს ლინკოლნ მიტჩელი.

გადავა თუ არა საქართველო მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემაზე? - სვამს კითხვას მიტჩელი და პასუხობს - 2016 წლის არჩევნებში დაფიქსირდა მმართველი "ქართული ოცნების" შთამბეჭდავი გამარჯვება და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის არანაკლებ შთამბეჭდავი დამარცხება, რომელიც ქვეყანას სათავეში ედგა 2004-2012 წლებში. გარდა ამისა, ეს არჩევნები აღსანიშნავი იყო არა იმდენად პარტიების მიერ წარმოდგენილ განსხვავებულ იდეებსა და ხედვებს შორის შეჯიბრით, რამდენადაც იმ ფაქტით, რომ ნაციონალური მოძრაობის მოწოდებებს რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით არავინ გამოეხმაურა. შედეგად, ქართული ოცნება საკმაოდ კომფორტულად დომინირებს ქართულ პოლიტიკაში, ხოლო ნაციონალურ მოძრაობაში, როგორც ჩანს, ქაოსი სუფევს. ასე რომ, მართალია, საქართველოში არის პროგრესი თავისუფლებისა და დემოკრატიის კუთხით, ქვეყანა, ბევრი გაგებით, დღესაც წარმოადგენს ერთპარტიულ სისტემას.

ამ არჩევნებში ასევე დაფიქსირდა "ქართული ოცნების" ყოფილი პარტნიორების: თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების დამარცხება და მათი აქტუალურობის დაკნინება (ამ ეტაპზე მაინც). მეორე მხრივ, დაფიქსირდა პატრიოტთა ალიანსის აღზევება მესამე საპარლამენტო პარტიის როლში. რთული წარმოსადგენია, რომ ამ არჩევნების შედეგად აღმოცენდება გამართული მრავალპარტიული სისტემა (მოკლევადიან ჭრილში მაინც), მაგრამ ეს აუცილებელი პირობაა საქართველოს არსებითად უფრო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. მეორე მხრივ, თუკი საქართველოში შენარჩუნება ერთი პარტიის დომინირება, რაც ხდებოდა კიდეც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, მაშინ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჩიხში შევა.

არსებობს მრავალპარტიული სისტემისკენ მიმავალი რამდენიმე გზა, მათ შორის ქართული ოცნების ბლოკის გონივრულად დაშლა, ლიბერალური პროდასავლური პარტიებისა და ცალკეული პირების ოპოზიციური კოალიციის ჩამოყალიბება, რომლებიც გამოჩნდნენ ბილო არჩევნების შედეგად, ან ჯერ-ჯერობით ჩრდილში მყოფი პოლიტიკური ძალის გამოჩენა. მეორე მხრივ, არ არსებობს გარანტია, რომ ეს მართლაც მოხდება. საქართველოში შეიძლება გამეორდეს ერთი პარტიის კონსოლიდაციისა და შემდეგ მისი დაცემის ციკლი. ეს კი ძალიან სამწუხარო იქნება, რადგანაც სწორი ეს ციკლი უშლის ხელს უკვე 25 წელია საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებას.

შეძლებს თუ არა საქართველოს ეკონომიკა კონკრეტული სარგებლის მიწოდებას რიგითი მოქალაქეებისთვის? ბოლო პერიოდში შეიმჩნეოდა საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების გარკვეული ნიშნები. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო უფრო აქტიურად ჩაერთო სურსათის, კულტურის, ტურიზმის, დიზაინისა და კინოს გლობალურ ინდუსტრიებში. გლობალურ მედიაში სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართული ღვინის, მთის, მოდისა და კინემატოგრაფიის პოზიტიურ გაშუქებას, რაც ცხადყოფს იმას, თუ რის შეთავაზება შეუძლია ქვეყანას მსოფლიოსთვის. მაგალითად, ჟურნალმა Vogue აღიარა საქართველო, როგორც 2017 წლის საუკეთესო ქვეყენად სამოგზაუროდ. ეს კი, რეგულაციების შემსუბუქებისკენ, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ტექნოლოგიების სექტორის წახალისებისკენ მიმართულ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქართული ეკონომიკის განვითარებას.

მეორე მხრივ, ამ პოზიტიურ მოვლენებს ჯერ არ ჰქონია კონკრეტული გავლენა ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომლის წინაშე დღესაც დგას მასობრივი უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემა. თუკი მდგომარეობა არ შეიცვალა, უცხოურ ვებგვერდებზე და ჟურნალებში პოზიტიურ გამოხმაურებას არავითარი ღირებულება არ ექნება საქართველოსთვის. 2017 წელს საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა მდგომარეობს ამ მიღწევების გარდაქმნა კონკრეტულ ეკონომიკურ სარგებელში საქართველოს მოქალაქეთათვის.

ამისთვის კი საჭიროა სახელისუფლებლო სტრატეგიები, რომლებიც კონცენტრირებული არ იქნება მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში, ან ქვეყნის ტურისტული იმიჯის განმტკიცებაზე სტუმრებისა და ღვინის ექსპერტების მოსაზიდად. ნაცვლად ამისა, ამ სტრატეგიების მიზანი უნდა იყოს უცხოური ინვესტიციების გარდაქმნაზე მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებში, მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, რაც წაახალისებს ამ მზარდ სექტორებს, ასევე ინფლაციის შეჩერება გონივრულის ფარგლებში. თუკი საქართველო შეძლებს ეკონომიკური განვითარებისა და რეფორმების წარმატების ისტორიის (რომელიც, მართალია, გამოძახილს, ძირითადად, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჰპოვებს) რეალობად გადაქცევას საქართველოს მოქალაქეთათვის, ეს იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხა ქვეყნისთვის, რის შედეგადაც დადასტურდება, რომ ქვეყანა ახალი და უკეთესი მიმართულებით ვითარდება.

რა შეიძლება ითქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ? 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში დაფიქსირდა სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირისპირება, თუმცა მცირე და საშუალო სიმძაფრის შეხლა-შემოხლა ორ ქვეყანას შორის უფრო ხშირად ხდება, რომელთა უმრავლესობის ცენტრში, როგორც სიმბოლურად, ისე რეალურად, მოქცეულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ეს კონფლიქტები შეიძლება მივიჩნიოთ „გაყინულ კონფლიქტებად“, თუმცა ასეთი ფორმულირება გამართლებული არ არის. მართალია, საქართველო წარმატებით აღუდგა წინ რუსეთის მცდელობებს, მიაღწიოს ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საერთაშორისოდ აღიარებას რაიმე ფორმით მაინც, თბილისმა ვერ შეაჩერა რუსეთის მხრიდან ამ რეგიონებში გავლენის გაძლიერება და დე-ფაქტო საზღვრების გადმოწევა საქართველოს ტერიტორიების სიღრმეში, როგორც წესი, მავთულხლართების განთავსების გზით.

ამ პრობლემების და რუსეთისთვისეგრეთწოდებულ ახლო საზღვარგარეთში გავლენის გასაძლიერებლად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვერ ვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და ცენტრალურ საკითხს. ნაწილობრივ, ამის მიზეზია საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური მიდგომის ნაკლებობა, რომლითაც ეს პრობლემა გადაიჭრებოდა. შეიარაღებული გზა გამორიცხულია. სტრატეგიული მოთმინება მხოლოდ ევფემიზმია, რომელიც სინამდვილეში სასურველი შედეგების მიღების იმედით არაფრის კეთებას ნიშნავს. სხვა, უფრო ინოვაციური მიდგომები (უფრო გაძლიერებულ დიალოგში ჩართვა და მსგავსი) მხოლოდ ზიანს მოუტანს ქართულ ოცნებას. გარდა ამისა, რადგანაც ვერც ქართულმა ოცნებამ და ვერც ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიახლოება საქართველოს სუვერენულ იურისდიქციასთან, არც ერთ და არც მეორე პარტიას არ აქვს დიდი სტიმული, დიდი პოლიტიკური ყურადღება დაუთმოს ამ საკითხებს.

მეორე მხრივ, მართლაც ნიშანდობლივია, რომ აშშ-ის სენატის საახალწლო დელეგაცია ეწვია სოფელ ხურვალეთს, სასაზღვრო ხაზზე სამხრეთ ოსეთთან, რადგანაც ეს იყო შეხსენება (მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის), რომ დონალდ ტრამპის მიუხედავად, აშშ-ის ლიდერების ნაწილს არ დაავიწყდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. რუსეთსა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობის და, ამავე დროს, სულ უფრო უცნაური ურთიერთობების გაღვივების გათვალისწინებით, 2017 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხმა ბევრად უფრო დიდი პოლიტიკური აქტუალობა შეიძლება შეიძინოს, ვიდრე წინა წლებში.

2017 წელს საქართველო იძულებული იქნება, თვალი გაუსწოროს ცვალებად მსოფლიოს, რომელშიც ისეთ ძირძველ ცნებებს, როგორიცაა ამერიკული დემოკრატიის სტაბილურობა და ნატოს ფუნდამენტური კონცეფციები, ვეღარ მივიღებთ, როგორც თავისთავად არსებულს. გარდა იმისა, რომ საქართველოს მოუწევს სტრატეგიის შემუშავება ცვალებად ვაშინგტონთან ურთიერთობებისთვის, ასევე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ცვალებად ურთიერთობებთან ადაპტაციისთვის, ასევე არსებობს შიდა საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, მრავალპარტიული დემოკრატიის გაღრმავების და რიგითი მოქალაქეების სასარგებლოდ მომუშავე ეკონომიკის აუცილებლობა, რომელიც დღის წესრიგში დიდი ხანია დგას. ყოველივე ამას სათანადო ყურადღება სჭირდება, რაც განაპირობებს კიდეც 2017 წელს მოვლენებს საქართველოში",-წერს ლინკოლნ მიტჩელი.