პოლიტიკა
ტრამპი: “ნატო მოძველებული ორგანიზაციაა, იმიტომ რომ მას ტერორიზმი არ ანაღვლებდა! თუ ნატო დაიშლება, დაე, დაიშალოს!”

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. “ის მოძველებული ორგანიზაციაა, იმიტომ რომ ტერორიზმი არ ანაღვლებდა!”, - განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანულ გაზეთ The Times -თან ინტერვიუში.

 მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა “არ იხდის იმას, რაც უნდა გადაიხადოს” და ამას მხოლოდ ალიანსის ხუთი ქვეყანა აკეთებს. ტრამპის აზრით, “ეს ცოტაა”.

 საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა ბევრჯერ გააკრიტიკა ნატოში აშშ-ის მოკავშირეები. ის აცხადებდა, რომ ისინი თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებენ. “ჩვენ მათ ვიცავთ, სამხედრო მხარდაჭერას ვუწევთ და ასე შემდეგ, ისინი კი შეერთებულ შტატებს ქურდავენ. ჩვენ რაღას ვაკეთებთ? არაფერს”, - აცხადებდა ტრამპი აპრილში ვისკონსინის შტატში ამომრჩევლების წინაშე გამოსვლისას.

 ტრამპი აღნიშნავდა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა ყველაფერი ბოლომდე უნდა გადაიხადონ, რასაც “ადრე არ იხდიდნენ”. წინააღმდეგ შემთხვევაში, “წაეთრიონ”, ამბობდა არჩეული პრეზიდენტი. მისი თქმით, “თუ ნატო დაიშლება, დაე, დაიშალოს”.