აქტუალური
ჩემი პროგნოზი გამართლდა, დიდ სკანდალში და შარში გაეხვა ეკლესია და ხელისუფლება - მეუფე პეტრე

  საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ჭყონდიდის მიტროპოლიტი ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობის შესახებ მეუფე პეტრემ ბრალდებულ სასულიერო პირთან მატროსოვის ციხეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  "მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები თითქმის გამართლდა, 100%-ით. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვა ეკლესია და ხელისუფლება, ერთად ორივე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს და მამა გიორგი, მიმაჩნია, ძალიან მალე უნდა გამოვიდეს, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე დატოვოს საპყრობილე.

  მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ეს არის, როგორც “არჩევანში” ჩართვისას განვაცხადე, კაგებეშნიკური, მზაკვრული დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა. ჩემი ეჭვია, რომ ნაწილობრივ ეს, ასევე, იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ.

  მეუფე იაკობზე ვთქვი, რომ პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის არის ასევე შემადგენელი ნაწილი ამ ინტრიგისა უნებლიეთ. დღემდე იბრძვის ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანაში და ეკლესიაში… შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას. ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - ამტკიცებს, კერძოდ, მეუფე პეტრე.