პოლიტიკა
იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ აშშ–ის ახალი ადმინისტრაცია უფრო ძლიერ და პრაქტიკულ დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად

  საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი ორმხრივი შეხვედრა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეტ ჰენდელმანთან გამართა.

  ალიანსის შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემები უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს შორის ხელმოწერილი სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება, საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - საქართველოში ერთობლივი საბრძოლო სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება იყო.

  შეხვედრის დროს ლევან იზორიამ და კენეტ ჰენდელმანმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მიმართ რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის დაბალანსებული პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთი კვლავ უქმნის საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებას. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო ძლიერ და პრაქტიკულ მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების პროცესს, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს, საერთაშორისო მისიებსა და აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს.