საზოგადოება
ციანიდი პატრიარქისთვის: პრემიერი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ პატრიარქ ილია მეორეს „შესაბამისი პოზიცია“ ექნება

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების 53–ე კონფერენციის შეჯამებისას ასევე, უპასუხა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ეს არის რეზონანსული საქმე და ძალიან მგრძნობიარე საკითხი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელეს. მხედველობაში მაქვს როგორც დაკავება, ასევე - გამოძიების გაგრძელება. საქართველოს ეკლესიის, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციისადმი ნდობის შენარჩუნებისა და ჩვენთვის ეკლესიის ერთიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად, დღემდე ვცდილობთ, თავი შევიკავოთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. სამწუხაროდ, ამის პასუხად საზოგადოების მთელი რიგი წარმომადგენლების და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მივიღეთ საკმაოდ უსამართლო და არაადეკვატური რეაქცია.

ჩვენ ოპერაციის წინა დღეს მაქსიმალურად გავუფრთხილდით პატრიარქს, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვეყნებისგან. სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და ჩვენ მოგვიწია შემდეგ მოპასუხის რეჟიმში ყოფნამ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, მას ექნება შესაბამისი პოზიცია“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.