უცხოეთი
თეთრი სახლის აპარატის უფროსი: აშშ-ის სპეცსამსახურებმა დაამტკიცეს ტრამპის წინასაარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის კავშირის არარსებობა

  საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკული სპეცსამსახურები უარყოფენ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბსა და რუსულ დაზვერვას შორის რაიმე კავშირის არსებობას. ინფორმაციას Fox News-ი თეთრი სახლის აპარატის უფროს რაინს პრიბუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრიბუსის თქმით, დაზვერვის მაღალი რანგის პირებმა ის დაარწმუნეს, რომ ტრამპის მიმართ წაყენებული ბრალდებები რუსულ მხარესთან მჭიდრო ურთიერთობების შესახებ, არა მარტო გაზვიადებული, არამედ სიმართლეს მოკლებულია. "მათ მკაფიოდ ამიხსნეს, რომ ეს ისტორია, უბრალოდ, სისულეა," - ამბობს თეთრი სახლის აპარატის უფროსი.

რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპი დაზვერვის სამსახურიდან ინფორმაციის მედიისთვის მიწოდების შესახებ თვითერზე წერდა  და ამბობდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს და/ან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები უკანონოდ აწვდიან ინფორმაციას The New York Times-ს და The Washington Post-ს. მან CNN-ისა და MSNB-ის საინფორმაციო გამოცემებიც გააკრიტიკა.

ტრამპის კრიტიკა აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა იმით დაიმსახურეს, რომ ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ტრამპის მრჩევნლის მაიკლ ფლინსა და აშშ-ში რუსეთის ელჩს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვეს. მაიკლ ფლინმა თანამდებობა ინფორმაციის გავრცელებიდან მალევა დატოვა.