აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი „პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს“ არ იზიარებს – კანონების პაკეტი ფარული თვალთვალის ახალი მოდელის შექმნაზე მიღებულია

   საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ვერ დაინახა არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაექვემდებაროს სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად მთავრობის მეთაურს.

"ძალიან ყურადღებით იქნა განხილული, რა თქმა უნდა,  ის შენიშვნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ განსაკუთრებული ცვლილება ამითი თვისობრივი  ვერ მოხდებოდა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პირველადი სახით იქნეს გატანილი, როგორადაც მიიღო პარლამენტმა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ასეც მოხდა – საქართველოს პარლამენტმა გუშინ ხმათა უმრავლესობით დაძლია ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვეტო, რომელიც მან ფარული თვალთვალის ახალი მოდელის შექმნაზე კანონპროექტთა პაკეტს დაადო. აღნიშნული კანონების თანახმად, საქართველოში იქმნება ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო, რომელიც მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენას განახორციელებს და თვალს მიადევნებს ცნობებს ინტერნეტში სახელმწიფოსათვის მუქარის შემცველ ინფორმაციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შევა, მისი საქმიანობის კონტროლს განახორციელებს როგორც საქართველოს პარლამენტი, ასევე პრემიერ–მინისტრი.

სააგენტოს საქმიანობას გააკონტროლებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორიც.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის აზრით, ახალი ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო არ უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული. მარგველაშვილის შეთავაზებით, სააგენტო „საქართველოს პრემიერ–მინისტრთან არსებული სპეციალური უწყება“ უნდა ყოფილიყო, რომელიც თავად პრემიერს უნდა ეკონტროლებინა. პრეზიდენტი ასევე დაბეჯითებით ითხოვდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკომუნიკაცო კომპანიებისთვის მოსასმენი აპარატურის დაყენების საფასური გადაეხადა.