რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ოპერაცია „ფილარმონია“ ჩავარდა - “ქართულ ოცნებას” მხოლოდ დიდი საკადრო წმენდა უშველის!

   გასულ ორშაბათს, 2017 წლის 15 მაისს თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის 2,5-ათასიან დარბაზში საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტის საერთო სახალხო განხილვის მე-11 დასკვნითი ეტაპი უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, მმართველი პარტიის, რომელმაც 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნები მოიგო, ორგანიზებული ღონისძიებ ჩაშალეს ცნობილმა საზოგადო-პოლიტიკურმა მოღვაწეებმა - „ეროვნულებმა“ სანდრო ბრეგაძის ლიდერობით, რომლებმაც ჯერ 30 აპრილს რუსთაველზე გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია ჩაატარეს, აგრეთვე სტუდენტურმა მოძრაობამ "აუდიტორია 115"-მა ლევან ლორთქიფანიძის ლიდერობით.

ზემოაღნიშნულებმა სულ ორი ლოგიკური მოთხოვნა წამოაყენეს: კონსტიტუციაში შეტანილი იქნეს ჩააწერი, რომელიც უცხოელებისათვის მიწების მიყიდვას აკრძალავს; მიღებული იქნეს კანონი, რომელიც შრომის უსაფრთხოებას დაიცავს. ორგანიზატორები მათ თავიდანვე გაგებით რომ მოჰკიდებოდნენ, სიტუაცია განიმუხტებოდა, მით უფრო, რომ დარბაზში მჯდომი 2500 ადამიანიდან უმრავლესობა "ქართული ოცნების" მომხრე იყო.

მაგრამ ორგანიზატორები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ და რამდენიმე სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომა დაუშვეს, თუმცა წინასწარ იცოდნენ, რომ აქცია მზადდებოდა, რადგან პროტესტის მონაწილეებმა თავიანთი განზრახვა სოცქსელებში დააანონსეს და ღიად მოუწოდეს თბილისელებს, შემოგვიერთდითო. ეს პირველი შეცდომა იყო ღონისძიების ორგანიზატორებისა, რომლებმაც გადაწყვიტეს, აპრიორი წამგებიან სიტუაციაში დემოკრატიობანა ეთამაშათ იმ განზრახვით, რომ "პროვოკაციას არ წამოგებოდნენ" და ვითარებაში გარდატეხა შეეტანათ, რის გაკეთებას სააკაშვილისნაირი გახრწნილი დემაგოგი და გამოცდილი ორატორი ნამდვილად შეძლებდა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ასეთი ორატორი არ ჰყავს.

მეორე შეცდომა: წამყვანების დუეტმა - პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ - გაუგებარი ამბიციის გამო არ გაითვალისწინეს ზემოთ აღნიშნული ორი მოთხოვნის დაძაბული ფონი, კერძოდ, საქართველოში უცხოელების - არაბების, თურქების, ინდუსების, ჩინელების მოძალება, რომლებიც საქართველოში  მიწებს და საუკეთესო ობიექტებს ყიდულობენ, ექსპლუატაციას უწევენ ადგილობრივ მოსახლეობას, მონურ პირობებში ამუშავებენ მათ, სარგებლობენ რა საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობის უკიდურესი გაჭირვებითა და უმუშევრობით. წამყვანებს მხედველობიდან გამორჩათ, რომ ფილარმონიიდან ორ ნაბიჯში, დიდი ქართველი მეფის დავით IV აღმაშენებლის სახელობის გამზირი დღეს ბედის ირონიით თურქულ-არაბულ სლობოდად არის გადაქცეული - თურქული და არაბული ჩილიმ-ბარების, კაფეების და მაღაზიების, რესტორნებისა და სასტუმროების - ფარული ბორდელების კვარტლად, რომელთა მფლობელები თავხედური საქციელით საქართველოს მოქალაქეებს აღიზიანებენ და ხელს უწყობენ პროსტიტუციას და ნარკომანიას არასრულწლოვანთა, მათ შორის - ახალგაზრდა ქართველ გოგონებს შორის, რომლებსაც საკუთარი ბინძური ბიზნესისთვის იყენებენ, ქართული პოლიცია კი ამას ჯიქურ "ვერ ამჩნევს".

ფონი დაამძიმა, აგრეთვე, ტყიბულში ოთხი მაღაროელის დაღუპვამ, რადგან მაღაროს კერძო მფლობელმა უსაფრთხოების მოთხოვნები სრულიად უგულებელყო: "ოთხი მშახტე! ოთხი მეშახტე!" - მაღაროელის ჩაფხუტების ქნევით სკანდირებდნენ გასასვლელებში მდგარი „აუდიტორია 115“-ის აქტივისტები, ხოლო ამის საპასუხოდ სცენიდან გაჟღერებული „კომუნისტურ ფსევდოსოლიდარობაში და „უვიცობაში“ ბრალდება არადამაჯერებელი, უადგილო და ცოტა სასაცილოც იყო.

მესამე შეცდომა იყო ხალხში არაპოპულარული მამუკა მდინარაძის სცენაზე გამოშვება. ის "ქართული ოცნების" ფართო ელექტორატშიც კი გაღიზიანებას იწვევს მენტორული ტონით, რომლითაც, ჩვეულებრივ, ამართლებს ხოლმე ხელისუფლების ნებისმიერ წარუმატებელ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებებს, რომელსაც სამუდამოდ მიეწება ქართული მიწების უცხოელებზე გამყიდველის იარლიყი. არაგულწრფელ ტონალობას და ლაპარაკის ქედმაღლურ - შემწყნარებლურ მანერას აუდიტორია მაშინვე აფიქსირებს, რა მაღლაც უნდა იდგნენ მისგან ქვეყნის მბრძანებლები!

მეოთხე შეცდომა: ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს, რომ არგუმენტი - "სამაგიეროდ, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ჩვენ ჯალათები არ ვართ და დღეს ადამიანებს ციხეებში აღარ აწამებენ და ქუჩაში აღარ ხოცავენ!" -ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" უკვე მაქსიმალურად გამოიყენა და მისი რესურსი დღეს მთლიანად ამოწურულია. "ქართული ოცნება" "ნაცმოძრაობა" არ გახლავთ, ამიტომ ხალხი მუდმივად აღარ გადაუხდის მადლობას იმისთვის, რომ მათ გუნდში სააკაშვილის ბანდის მსგავსად მკვლელები და ქურდები არ არიან, და იმისთვის, რომ მთავრობა თავის ელემენტარულ მოვალეობებს ასრულებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბოლო დროს "ქართული ოცნების" მთელი რიგი მაღალჩინოსანი წარმომადგენლების წესიერება დიდი ეჭვის ქვეშ დადგა...

ასევე ამოწურულია ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის ხარჯზე "იოლად გამოსვლის" შესაძლებლობაც - აქაოდა, "ჩვენ იმ კაცის პარტია ვართ, რომელმაც საქართველო საშინელი ურჩხული სააკაშვილისაგან გადაარჩინა, რისთვისაც კუბოს კარამდე მისი მადლიერნი უნდა იყოთ და ჩვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროთ!". ეს არგუმენტი კიდევ იმიტომაც არ ჭრის, რომ 2014 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი თავის შექმნილ პარტიას ჩამოშორდა და საჯარო მოღვაწეობას თავი დაანება.

მეხუთე შეცდომა : პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძ, რომელსაც, მისი მენტალიტეტის და კარგი განათლების გათვალისწინებით, ადვილად შეეძლო, დაემყარებინა კომუნიკაცია დარბაზში უკმაყოფილო ახალგაზრდობასთან, ამის ნაცვლად შეურაცხყოფა მიაყენა მათ - "ჩრდილოელი მეზობლის" მიერ მართული "ახალგაზრდა კომუნისტები" უწოდა. ეს „ნაფტალინიანი“ ბრალდება, რომელსაც წარმატებით იყენებდა „წითელი ინტელიგენციის უნიტაზში ჩამრეცხავი“ სააკაშვილი, უცნაურად ჟღერდა ჩვეულებრივ პოლიტკორექტული და ადეკვატური ახალგაზრდა ჩინოვნიკის პირიდან, რომელსაც ადრე არ დაუშვია რუსოფობიური გამოხდომები და ისტერია საქართველოში მითიურ “რუსულ გავლენასთან დაკავშირებით.

ზემოთ ჩამოთვლილი მეამბოხეების "პრორუსულ კომუნისტებად" მონათვლა  და „ილიას გზაზე“ მათი „დაყენება“ ნაცების და რამდენიმე ელჩის წინაშე ქულის ჩასაწერად წარუმატებელი იდეა იყო. მსგავსი პროვოკაციები ორმაგად კონტრპროდუქტიულია, როცა მოადგილედ, ანუ პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გყავს დასავლეთის გავლენის ოფიციალური აგენტი, სოროსის მიერ გამოზრდილი “NGO”ელი თამარ ჩუგოშვილი.

და სულ მთლად არაშორსმჭვრეტელური საქციელია ამის თქმა მაშინ, როდესაც თბილისში საყოველთაოდ პატივცემული შენი მშობლები წარსულში კომუნისტებიც იყვნენ და ნინო ბურჯანაძის პარტიის გამოჩენილი წევრებიც.

ორგანიზატორებმა წინდაუხედავად არ გაითვალისწინეს წინა დღეებში გამოქვეყნებული NDI-ს სოციალური გამოკვლევის შედეგებიც, რომლებშიც ამერიკული ინსტიტუტიც კი იძულებულია, აღიაროს, რომ გამოკითხულთა ნახევარი უარყოფითად არის განწყობილი სსრკ-ის დაშლის მიმართ - ანუ დღეს ნახევარსაქართველო რუსეთთან ძველი მეგობრული ურთიერთობის  ნოსტალგიას განიცდის.

მეტიც, წარუმატებელი ღონისძიების ორგანიზატორებმა, როგორც ჩანს, არ იციან, რომ ქართველი ხალხის უმეტესობამ 2012 წელს "ქართულ ოცნებას" ხმა სამი მიზეზით მისცა: იმედით, რომ იგი ბოლოს მოუღებს უმუშევრობას; რომ აღადგენს დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობას რუსეთთან, რის ნაცვლადაც "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილისეული "უალტერნატივო ევროატლანტიკური" საგარეო პოლიტიკური კურსი განაგრძო!

მეექვსე შეცდომა: ორგანიზატორებს. როგორც ჩანს, დაავიწყდათ მესამე მიზეზიც, რომლის გამო ქართველმა ხალხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა - ეს არის ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ყველა ჯალათის დასჯა, ვინც 9 წლის მანძილზე ატერორებდა თანამოქალაქეებს! ამიტომ სცენაზე მსხდომმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მისი მთავარი იდეოლოგის გიგა ბოკერიას მეთაურობით, რომლებიც თანაუგრძნობდნენ (!) ირაკლი კობახიძეს დარბაზში მოწყობილი „ობსტრუქციის“ გამო, მკვეთრი აღშფოთებისა და უარყოფითი ეფექტის პროვოცირება მოახდინეს.

რეზიუმე: კიდევ ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზის მოყვანა შეიძლება, რომლებმაც სახელისუფლებო პარტიის პირველი საჯარო ფიასკო განაპირობა, თანაც დედაქალაქში, რომელიც, ტრადიციულად, მისი მთავარი დასაყრდენი გახლდათ. მაგალითად, ჩაკეტილობა და PR-მომზადების სათანადოდ არდაფასება, რასაც უპირველეს ყურადღებას უთმობდნენ ზურაბ ჟვანია და მისი მოწაფე მიხეილ სააკაშვილი.

რაც შეეხება კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტს, მისი გატანა 100-პროცენტიანი სახალხო მხარდაჭერით იოლად იქნებოდა შესაძლებელი, შიგ ერთი პოპულარული რამე მაინც რომ გაეთვალისწინებინათ - მაგალითად, საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება - გადასახადის გადამხდელთა კისერზე მჯდომი მუქთამჭამელის და უსაქმურის, თავისი ოჯახითა და უცნაური აპარატით!  მაგრამ მსგავს რამეზე ხმის ამოღების პოლიტიკური სითამამე, როგორც ჩანს, არავის აღმოაჩნდა...

ფაქტია, რომ პრემიერ-მინისტრების - ბიძინა ივანიშვილის, მერე კი ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ მმართველმა პარტიამ ნელ-ნელა დაკარგა დინამიკა და ცოცხალი კავშირი ელექტორატთან, ამიტომ დღეს "ქართული ოცნებისთვის" ადმინისტრაციული რესურსის სხივებში ნებივრობის დრო დამთავრდა და დადგა პოლიტიკური კონკურენციი მკაცრი გამოფხიზლება.

ქართული ოცნების” განკურნებისთვის არ არის აუცილებელი პანიკაში მთაწმინდაზე, "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან გაქცევა. პირიქით, მეოცნებეები მიწაზე უნდა დაეშვან და კრეატიული გადაწყვეტილებები მიიღონ როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში. თანაც ამ დროს გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონე პატრიოტებსა და პროფესიონალებს უნდა დაეყრდნონ და არა კაბინეტებში მსხდომ კოხტაპრუწებს - "ახალ სახეებს" პარლამენტის სიიდან, რომლებიც უბრალო ადამიანებისთვის ხელის ჩამორთმევას უკადრისობენ!

ფილარმონიაში "ჩავარდნა" კარგი საბაბია „ქართულ ოცნებაში“ საკადრ წმენდისთვის, რადგან გამოჩენილმა პარტიელებმა და მინისტრებმა, რომლებმაც თავიანთი სულელური გადაწყვეტილებებით ხალხი სახელისუფლებო პარტიაზე გააბრაზეს, თანამდებობები უნდა დატოვონ და სავარძლები დაუთმონ თუნდაც კომპარტიის ყოფილ წევრბს.

P.S. თუ ფილარმონიაში მომხდარს "შეთქმულების თეორიის" მეშვეობით ავხსნით, მაშინ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ უმაღლეს დონეზე, პარტიის აქტივისაგან და რიგითი წევრებისაგან მალულად, თვითონ მოახდინა „ბუნტის“ პროვოცირება დარბაზში კონსტრუქციული არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, რათა ღონისძიება ჩაეშალა და თავიდან აეცილებინა სცენაზე "გებელსი" ბოკერიას მეთაურობით მსხდომი გამოცდილი საპარლამენტო ნაცოპოზიციის ვერაგული თავდასხმების მოგერიება. სწორედ ასე მოიქცეოდა ირაკლი კობახიძის მამის მეგობარი - განსვენებული ზურაბ ჟვანია.

თუ ასეა, სპექტაკლმა მშვენივრად ჩაიარა და "მეოცნებეები", რომლებიც იმ დღეს „ნაციონალებთან მძიმე ბრძოლისათვის ემზადებოდნენ, ფილარმონიიდან "დამარცხებულებად, მაგრამ ჭეშმარიტ დემოკრატებად" წავიდნენ - "აბა, ბავშვებს და საკუთარ მოქალაქეებს ომს ხომ არ დაუწყებდნენ, როგორც ამას ცუდი სააკაშვილი იზამდა?!"

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 22 მაისი
საქართველო, თბილისი