რელიგია
"დიდად ვწუხვართ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია, საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება" - საქართველოს საპატრიარქოს განმარტება (28.06.2017)

   საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი.

საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა და ვისაც იგი კანონიკურად ექვემდებარებოდა.

როგორც ცნობილია, დეკანოზი გიორგი სამსახურებრივად დაკავშირებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიასთანაც; თუმცა, ვიმეორებთ, იგი რჩებოდა ბათუმისა და ლაზეთის იურისდიქციაში.

ვინაიდან ამ დრომდე ზიარებასთან მიმართებაში არ იყო ცნობილი მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) პოზიცია, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში გაცხადდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისაგან ხდებოდა საეკლესიო იერარქიისა და სხვა პირების მიმართ ცილისმწამებლური წერილებისა და განცხადებების გაკეთება (რაც “ციანიდის საქმეს” უშუალოდ არ ეხება), ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქისთვის საკითხის გაცნობის შემდეგ, ციხეში დეკანოზთან შესულ სასულიერო პირებს მისცა ლოცვა-კურთხევა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, თავი შეეკავებინათ მისი ზიარებისგან.

ამა წლის 27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის დროებით ზიარების შეჩერება (დაცადება) მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამართლებრივად გაამყარა.

დიდად ვწუხვართ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია, საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება, რაც მიზანმიმართული ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს.

შევთხოვთ ღმერთს, მოგვანიჭოს მშვიდობა.