რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და უვიზო რეჟიმი შეუძლებელია საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე“

     ინტერვიუ “საქინფორმის” მთავარ რედაქტორთან არნო ხიდირბეგიშვილთან 

- ბატონო არნო! აშშ-ის სენატმა საქართველოში პრორუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისათვის 280 მილიონი დოლარი გამოჰყო.  შეუძლებელია, ვერ შევნიშნოთ, რომ დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, მძლავრი ანტირუსული კამპანიაა გაჩაღებული, როგორიც “ცივი ომის” წლებში - თითქოს რუსეთი მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის №1 საფრთხეა. რას უკავშირდება ეს?

- მიზეზი ისაა, რომ ოვალური კაბინეტიდან და ნისლიანი ალბიონიდან მსოფლიოს ექსკლუზიურად მართვა აღარ გამოდის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს კი ამასთან შეგუება არ სურთ და რევანშის აღებას ცდილობენ, რაც ახალი ლოკალური კონფლიქტებით გვემუქრება. ანგლოსექსები ისტერიულად განაგრძობენ რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას, რომელიც დღითი დღე ხელში ეფშვნებათ, იმიტომ რომ “მთელი ხალხის გამუდმებით მოტყუება არ შეიძლება” (ა. ლინკოლნი).

საქართველოში მათმა ემისრებმა - არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რამდენიმე პარტიამ „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა - “პრორუსული პროპაგანდის” შესახებ მითი შექმნეს, რათა მოსახლეობაში პანიკა და მასობრივი ფსიქოზი გამოიწვიონ. ნახეთ - რას იუწყება “რუსთავი 2” თავის სააგიტაციო-საინფორმაციო - ანალიტიკურ პროგრამებში, პროპაგანდისტულ სარეკლამო რგოლებში:

- კრიმინალის არნახული თარეში საქართველოში - მკვლელობები, გაუპატიურებები, ავტოკატასტროფები, ძარცვა და სუიციდი;

- პოლიცია მოქალაქეებს სცემს და პოლიტიკური ნიშნით დევნის, ნარკოტიკებს უდებს და საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის მეგობრებსაც კი არ ინდობს;

- ქართული სპეცსამსახურები აზერბაიჯანელ ჟურნალისტ იტაცებენ;

- სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობათა, აგრეთვე უცხოელების უფლებების ტოტალური დარღვევა ერთსქესიანთა ქორწინების, გეი-აღლუმების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქართული მიწის მიყიდვის აკრძალვის სახით;

- გარყვნილება და კორუფცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში,  პატრიარქის კალიუმის ცინიადით მკვლელობის მცდელობა საპატრიარქო ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით;

- რუსი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა და მისი პარტია, რომელმაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა და კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებს;

- მილიარდერის ახირებები, რომელიც თბილისსა და ბუნებას ამახინჯებს, საუკუნოვან ხეებს თხრის და სხვაგან გადააქვს იმ დროს, როცა უმუშევრები შიმშილიბენ;

- ბიზნესის ტერორი, უცხოელი ბიზნესმენები სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან  ჩივიან და ინვესტიციების ჩადებაზე უარს ამბობენ;

- რუსი ოკუპანტები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ წამს შემოიჭრან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხრიდან, საიდანაც სასაზღვრო ბანერები დღითი დღე გვიახლოვდება და მალე საქართველოს სამხედრო გზას გადაკეტავს; ათეულობით რუსული თანამედროვე სამხედრო ბაზა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში - კოსმოსური ფოტოგადაღება ამერიკული თანამგზავრიდან;

- ვიდეორგოლები “ძალა - ევროპაშია”, რომლებიც მტერს - რუსეთსა და რუს ოკუპანტებს ამხელენ, ისტორიულად რომ სვამდნენ ქართველების სისხლს და ქართულ ენას ძაღლების ენას ეძახდნენ;

- კონფერენციები და გამოკვლევები საქართველოში კრემლის “რბილ ძალაზე” - პრორუსულ მედიასაშუალებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებზე, რომლებმაც “ჰიბრიდულ ომს” და ანტიდასავლურ პროპაგანდას აწარმოებენ;

- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარულად ყიდის იარაღს აშშ-ზე სირიული ოპოზიციისთვის, და ა.შ.

ერთი სიტყვით, აპოკალიფსია! მაშ, ვინ აწარმოებს ახლა ანტისახელმწიფოებრივ ძირგამომთხრელ პროპაგანდას და ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ - მოსკოვი თუ “რუსთავი 2”?! აი, რისთვის რიცხავს აშშ საქართველოში 280 მილიონ დოლარს!

მაგრამ დასავლელი დამკვეთები და ქართველი შემსრულებლები იმდენად უნიჭოები და სულელები არიან, რომ არ ესმით - რაც უფრო მეტს გაჰყვირიან ისინი საქართველოში “პრორუსულ პროპაგანდაზე”, ქართველ ხალხს, რომელიც ვერსად ვერანაირ პროპაგანდას ვერ ამჩნევს მისი არარსებობის გამო, მით მეტად სძულს დასავლეთი და რუსეთისკენ მიიწევს! “თუ წითელი არმია უწინდებურად ყველაზე ძლიერია, თუ ჩვენ რუსი მომხმარებლის და რუსი ტურისტების წყალობით ვარსებობთ, თუ რუსეთი ქართული ეკონომიკის სტრატეგიულ ობექტებს ფლობს, თუ ჩვენი ნათესავები რუსეთში მუშაობენ და ფულადი გადმორიცხვებით გვეხმარებიან, მაშინ სიკეთისგან სიკეთეს რატომ ვეძებთ? - მართებულად ფიქრობენ ადამიანები, - რად გვინდა ეს ნატო?!”. ჰოდა, შედეგად გამოდის, რომ პრორუსულ-ანტიდასავლურ პროპაგანდას საქართველოში მოსკოვი კი არა, “რუსთავი 2” ახორციელებს!

- და რუსეთმა რაო?

- არც არაფერი, დაუდევარი რუსი ჩინოვნიკი საქართველოს დღესაც უწინდებურად მიმინოს ცეისის დურბინდით” უყურებს, რუსეთი ისევ “высоко и далеко”, როგორც უსპენსკაია მღერის. რუსეთის ხელმძღვანელობას საქართველო, უფრო სწორად - ის, რაც მისგან დარჩა, “პირველ კეისში” არ უდევს - მოსკოვს დღეს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, ვიდრე ქართული.

ამბობენ, რომ რუსები თავისიანებს არ გასცემენ. თუკი რუსეთი საქართველო ნატოს გადასც, ესე იგი, ქართველები რუსებისთვის უცხოები არიან, ხოლო სერბები, რომლებიც იუგოსლავიაში ნატოსგან დაიცვა, თავისიანები. სსრკ-ის ლიკვიდაციის შემდეგ ვაშინგტონის ყოველ 100 მილიონ დოლარზე რუსეთს თუნდაც 10 ათასი დოლარი რომ დაეხარჯა კონტრპროპაგანდისთვის, ებრძოლა მთელი “საყვარელი ქართველი ხალხისთვის” (ვ.პუტინი) და არა მხოლოდ საქართველოში რუსეთის ფედერაციის თანამემამულეებისთვის”, შესაძლოა, ქართველები და რუსები მტრები არც გამხდარიყვნენ. ნამდვილი სიყვარულისთვის ბრძოლა ცოდვა არ არის! ქართულ მედიასაშუალებებში მოვლენების ობიექტური შეფასება დასავლეთს ხელს შეუშლიდა ქართველი ხალხის დეზინფორმაციაში და ხელისუფლებაში თავისი მარიონეტების - ავანტიურისტების წარმატებით გაყვანაში, რომელთა წყალობით ქართველები და რუსები ერთმანეთს ესროდნენ.

დღესაც იგივე გრძელდება, მაგრამ უკვე რუსეთის „არ ჩარევის“ პრაგმატული საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე - აქაოდა, საქართველო ჩვენთვის უცხო სახელმწიფოა ევროატლანტიკური კურსით, რომლის ოფიციალური ხელისუფლება “მანიაკური სიჯიუტით” (გ.კარასინი) არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და რუსეთს ოკუპანტს ეძახის. ამიტომ რუსეთის მედიასაშუალებები უფრთხიან ობიექტურ და დამოუკიდებელ ქართულ გამოცემებს - ერთჯერად რეპუბლიკაციებსაც კი, ერთობლივ პროექტებზე რომ არაფერი ვთქვათ. „მაღალი ცენზორის“ დირექტივის თანახმად, რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებები იძულებული არიან, “ბასრ კუთხეებს” გვერდი აუარონ „პოლიტკორექტულობის და კონტრპროდუქტულობის“ მოსაზრებებიდან გამომდინარე. მაგრამ ეს ტაქტიკა ნაკლებად შველის - საქართველოში მათ მაინც ადანაშაულებენ “ფარულ პროპრორუსულ პროპაგანდაში”, უფრო მეტადაც კი! მთავარი კი ის არის, რომ ერთიანი რუსულ-ქართული საინფორმაციო სივრცე, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდნენ ჯერ კიდევ 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციისთანავე, მაინც არ შედგა, რითაც პირველ რიგში ქართულ-რუსული მეგობრობის აღორძინების საქმე დაზარალდა, და რუსი მკითხველი, რომელსაც დღემდე არა აქვს ობიექტური სურათი იმისა, თუ რა ხდება საქართველოში.

- მაგრამ რუსეთს საქართველოსთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმის გაუქმება მაინც ხომ შეუძლია?! რუსებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, საქართველოს მოქალაქეები კი ვერ ჩადიან რუსეთში, სადაც მილიონზე მეტი საქართველოდან წასული ცხოვრობს და მუშაობს, ვერ ნახულობენ თავიანთ ახლობლებსა და ნათესავებს.

- საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, ისევე, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ოფიციალურ აღიარებას ნიშნავს, რომლებთანაც რუსეთს 9 წელიწადზე მეტია, სავიზო რეჟიმი არა აქვს, დიპლომატიური ურთიერთობა კი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, აქვს!

რომელ საქართველოსთან ვთხოვთ რუსეთს სავიზო რეჟიმის გაუქმებას? აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად, სადაც უკვე დიდი ხანია, რუსეთის საელჩოები მუშაობენ?! და რატომ გვაწუხებს უფრო მეტად რუსეთთან უვიზო რეჟიმი, როცა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ვერც ვიზებით ჩავდივართ და ვერც მათ გარეშე?

თუკი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა, მაშინ ქართული კანონით რატომ გეკრძალება იქ სტუმრობისთვის 6 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გეკისრება?!

რა მოტივით შემოიღებს რუსეთი უვიზო რეჟიმს სახელმწიფოსთან, რომელიც მას ოფიციალურად უწოდებს ოკუპანტს და რომელმაც თავისთან ოკუპაციის მუზეუმი გახსნა?!როგორ გაფორმდეს, როგორ ჩაიწეროს, რომ რუსეთი სავიზო რეჟიმს აუქმებს სახელმწიფოსთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს, იმიტომ რომ მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ნაწილობრივ აღიარებს - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე?

კონგოსთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, მაგრამ ქართველი მფრინავი იქ მაინც დაიკარგა - და თუ რუსეთის მოქალაქე დაიკარგება საქართველოში ან პირიქით? რომელი არხებით ვეძებოთ ისინი დიპლომატიურის არარსებობის პირობებში? ქურდულით?!

ამიტომ, ვიმეორებ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება შეუძლებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გარეშე, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელია საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე. სწორედ ამის მეგობრულად ახსნას ცდილობენ მოსკოვში იქ ჩასული ცალკეული ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რასაც ისინი, როგორც წესი, თბილისში ჩამოსვლისთანავე “ივიწყებენ”.

- სწორედ ახლა მინდოდა მეკითხა: ბატონო არნო, ოლო ხანებია, საქართველოში რამდენიმე მცირერიცხოვანი პარტიის “სახეები”, ცალკეული პარლამენტარები და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები დროდადრო მოსკოვში მგზავრობენ და “კრემლთან დიალოგის დაწყებას” ცდილობენ. ხოლო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები რუსეთის ხელმძღვანელობასთან საუბრის დაწყებისკენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, “როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ძალას”. რომელი მათგანია მართალი?

- პრინციპში, მართლები მეორენი არიან. ქართულ-რუსული ურთიერთობა იმან უნდა აღადგინოს, ვინც გაწყვიტა - ოფიციალურმა თბილისმა, ქართული სახელმწიფოს პირველმა პირებმა, რომლებსაც ძალაუფლების რეალური ბერკეტები აქვთ. დღეს ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრია.

ხოლო თუ წინასწარ არაოფიციალურ შეხვედრას აზრი აქვს (მსოფლიო პრაქტიკას ახსოვს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კისინჯერის და მისი რუსი კოლეგის პრიმაკოვის წარმატებული მისიები), მაშინ ეს, შესაძლოა, იყოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანიშვილის შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან (პრეცედენტები, თუმცა კი წარუმატებელი, არსებობს - პუტინის შეხვედრები პატიაშვილთან, ბურჯანაძესთან, ნოღაიდელთან). მის ორგანიზებაში დახმარება შეუძლიათ ქართველ მოღვაწეებს, რომლებიც დამსახურებულად სარგებლობენ დიდი პატივისცემით რუსეთში თავისი ღვაწლის, ნიჭის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმის გამო.

ნებისმიერი მოხალისეთა” სხვა  თვითშემოქმედება - თითო-ოროლა არაკვალიფიციური პარლამენტარის, ან საეჭვო რეპუტაციის მქონე “საზოგადო მოღვაწის უსაგნო ლაყბობა - ან იაფფასიანი პიარია, რომელიც რუსეთან ყოფილ მეგობრობაზე უფროსი თაობის ამომრჩევლის ნოსტალგიაზეა გათვლილი, ანდა მომგებიანი ბიზნესი - რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციებისგან გრანტების ხვეწნა “ატკატიანი” ფიქტიური ერთჯერადი ღონისძიებებისთვის “საქართველოში რუსული სამყაროს, „უკვდავი პოლკის“, რუსული ენისა და რუსი თანამემამულეების მხარდაჭერის” ლეგენდით.

ხედავთ, ყოველწლიურად თანდათან როგორ ქვეითდება ქართული მხრიდან ამ შეხვედრების რეგისტრი? დაიწყეს პატიაშვილით, გააგრძელეს ბურჯანაძით და ნოღაიდელით, ამას დავითაშვილი და კუკავა მოჰყვნენ, დღეს კი უკვე უცნობ პარლამენტარებამდე და “ეგზოტიკურ” მარშანიამდე დაეშვნენ, რომლებიც საკუთარ ფრაქციაშიც კი არაფერს წყვეტენ და რომელთათვის მნიშვნელოვანია არა შედეგი, არამედ თავად პროცესი.

- გასაგებია, მაგრამ თუ არის შესაძლებელი უახლოეს ხანებში რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურ ხელისუფალთა შეხვედრა?

- არა, არ არის შესაძლებელი. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლები არ ჩავლენ მოსკოვში, იმიტომ რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და იქ თავისი სამხედრო ბაზები განალაგა, რასაც ოფიციალური თბილისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის, აგრესიის, ოკუპაციის და ანექსიის კვალიფიკაციას აძლევს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლები არ ჩავლენ მოსკოვში, რომელიც უკმაყოფილოა საქართველოში ნატოს შემოსვლით, რასაც დღეს ოფიციალური თბილისი არაფრით დათმობს - მეტისმეტად ბევრი ხელშეკრულებაა ხელმოწერილი, მეტისმეტად ბევრი ფული და შეიარაღებაა მიღებული.

- ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ შეხვედრა მაინც შედგა. რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ?

- რუსეთის ხელმძღვანელობა მზად არის შეხვედრებისთვის ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ დონეზე“ (ს. ლავროვი), მაგრამ საქართველოს ხელისუფლებ, რომლიც მტკიცედ ატარებს “უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსს”, ასეთი შეხვედრისთვის არ ემზადება. “სტრატეგიულ მოკავშირესთან” შეთანხმების გარეშე მსგავსი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მათ არაფერში სჭირდებათ. თანაც რა აზრი აქვს?! მოსკოვში ჩავიდნენ და თქვან - “გამარჯობა”?! რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან არ წაიღებს, ღვინოს კი კარასინი და აბაშიძე ორნიც კარგად უმკლავდებიან.

ამიტომ მოსკოვში წასვლას თბილისში საკითხის მოუგვარებლად არანაირი აზრი არა აქვს - რა, როგორი ალტერნატიული წინადადებები შეგვიძლია შევთავაზოთ რუსეთს? რა გარანტიები მივიღოთ სანაცვლოდ ჰიპოთეტური კომპრომისის მიღწევის შემთხვევაში? რა კომპრომისია შესაძლებელი საქართველოს მიერ ნატოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, სადაც მას ისედაც არ მიიღებენ, სანამ მკაფიოდ მოხაზული საზღვრები არ ექნება - ანუ სანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს? რუსეთმა ხომ სწორედ თავისი სამხედრო დოქტრინის დებულებებიდან - სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შექმნილი საფრთხისგან რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების დაცვიდან - გამომდინარე გახსნა სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღეს მასსა და საქართველოს სახით ნატოს შორის ბუფერს წარმოადგენს და რომელთა აუცილებლობა მოიხსნება, თუკი საქართველო ნატოზე უარს იტყვის (დადებული შეთანხმებების დენონსაციას მოახდენს, ერთობლივ ცენტრებს დახურავს და არ ჩაატარებს ყოველწლიურ ერთობლივ სწავლებებს “Noble Partner” и “Agile Spirit”).

ქართულ-რუსული ურთიერთობის აღდგენისთვის ასეთი ფასის გადახდა საქართველოს ხელისუფლებას არ სურს და არ შეუძლია, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების გულისთვის რუსეთთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, ამიტომ შეხვედრას არავითარი აზრი არა აქვს, რაც ორივე მხარეს ესმის, ამიტომ დღევანდელ სტატუს-კვოში არანაირი შეხვედრა არ შედგება.

- ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ისევე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თაობაზე. და რა როლს თამაშობს შექმნილ სიტუაციაში კარასინი-აბაშიძის პრაღის ფორმატი, რუსეთში ქართული ღვინისა და კონიაკის, მინერალური წყლებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების საკითხთა კოორდინაციის გარდა?

- “არ არსებობს უფრო ნაღვლიანი ამბავი”, ვიდრე კარასინი-აბაშიძის შეხვედრები!.. ძვირფასი ზურაბი ხომ იძულებულია, თბილისში “რუს ოკუპანტებზე” ილაპარაკოს “საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსის” მეინსტრიმში, პრაღაში კი, ქართული კონიაკის სირჩით ხელში, თავის მეგობარ და კოლეგა გრიგორისთან ერთად ნაღვლიანად იღიღინოს ძველი სიმღერა “Как это всё случилось...”.

შეკსპირის გარეშე კი კარასინი-აბაშიძე დღესდღეობით ერთადერთი ოფიციალური არხია მოსკოვსა და თბილისს შორის, რომლის წყალობით აღდგა ჰუმანიტარული და სავაჭრო კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის. ბოლოს და ბოლოს,  კარასინი-აბაშიძე დღეს ერთადერთი არხია, რომლითაც “ფორს-მინორის” შემთხვევაში რუსეთი საქართველოს “ელვას” გამოუგზავნის! ან პირიქით.

- რა თემაზე იქნება ეს “ელვა” მოსკოვიდან? ნუთუ ტანკებზე?!

- რუსეთს “საშინაო ნამზადების” დიდი არსენალი აქვს იმისათვის, რომ საქართველო ერთი გასროლის გარეშე დააჩოქოს, მაგალითად - ეკონომიკური სანქციებით, რომლებსაც საქართველო ერთ კვირაზე მეტს ვერ გაუძლებს. თუ თბილისი ასე გააგრძელებს, მაშინ მოსკოვი:

- აკრძალავს პირდაპირ ავიარეისებს “თბილისი-მოსკოვი-თბილისი” (უკვე შემცირებულია);

- აუკრძალავს რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლას, როგორც მტრულ ქვეყანაში (მზადდება საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება);

- აკრძალავს ფულად გადარიცხვებს რუსეთიდან საქართველოში;

- აკრძალავს რუსეთში ქართული ღვინის, კონიაკის, მინერალური წყლებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს;

- გააუქმებს სავიზო შეღავათებს ტვირთგადამზიდავების და საქართველოს მოქალაქეებისთვის;

- ულტიმატურ პირობებს დააყენებს “თელასთან”, ენგურჰესთან და ყველა დანარჩენ მისგან კონტროლირებად ობიექტთან დაკავშირებით. საკმარისია? შემიძლია, გავაგრძელო! დიდი სპეციალისტობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ საქართველო ასეთ დარტყმებს ვერ გაუძლებს. და მაშინ “ელვა” უკვე მოსკოვიდან თბილისში კი არა, ტფილისიდან - მოსკოვში გაიგზავნება, როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა...

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი, საქინფორმი
2017 წლის 14 ივლისი
საქართველო, თბილისი 

თემაზე ასევე წაიკითხეთ:  ევროატლანტიკური.GE