სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავა

   საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა ზაზაშვილი, ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს.
ზაზა ზაზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს სოფელ ვარდისუბანში მდებარე მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 აშშ დოლარის გადახდა.
წერეთელი და ნარიმანიძე საქართველოს მოქალაქეს ქ. რუსთავში მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა.
გამოძიება ორივე საქმეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე 
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.