პოლიტიკა
ხალხის ფული - ხელფასებზე, ანუ როგორ შეუკვეთა მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუცია GIPA-ს ინსტიტუტს

   საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯები შეისწავლა.

 დასკვნა უკვე მზად არის და დოკუმენტში წერია, რომ სხვადასხვა პროექტისთვის პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსების დიდი ნაწილი ხელფასებში დაიხარჯა.

 უწყებაში აცხადებენ, რომ ეს იყო გეგმური შემოწმება, გამოიკვეთა რამდენიმე ტიპის შენიშვნა და რამდენიმე რეკომენდაცია, თუმცა არცერთ მათგანს სისხლის სამართლებრივ დარღვევასთან კავშირი არ აქვს.

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვედრილი ერთ-ერთი პროექტი, რომელიც სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა, უკავშირდებოდა კონსტიტუციას, მის სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარეს პროექტი (აშკარად პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეკვეთილი პროექტი პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტის როლი და ფუნქციები მნიშვნელოვნად იზღუდება). მისი ხელმძღვანელია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელი და პრეზიდენტის ახლობელი მამუკა ბერიაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ ანალოგიური ტიპის ტენდერებში და სახელმწიფო პროექტებში არა ერთხელ მიუღია მონაწილეობ.

 საქინფორმის მითხველს შევახსენებთ, რომ კერძო ინსტიტუტი GIPA საქართველოს აწ გარდაცვლილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დააარსა და მის რექტორად გიორგი მარგველაშვილი დანიშნა, სადაც ის პროფესო საქართველოს პრეზიდენტად არჩევამდე მუშაობდა.