რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ნატო საქართველოს მეგობარი რომ ყოფილიყო, ორფოლოში წვრთნების მაგივრად ბორჯომის ხეობაში ქართულ ჯართან ერთად ხანძარს ჩააქრობდა!

     „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა „ასავალ-დასავალის“  34-ე ნომერში დაბეჭდილ ინტერვიუში საქართველოში მომხდარ ყველა ხანძარში სააკაშვილი და ნაცმოძრაობა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ნაციონალებმა ხანძარი ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადააქციეს.  გაზეთის ნომერი ჯერ კიდევ სტამბაში იყო, როდესაც ბორჯომის ხეობას ცეცხლი მოედო, რის შემდეგაც უკვე შს-ს მინისტრიც კი დივერსიის ვერსიისაკენ იხრება, თუმცა, ითხოვს, ნაჩქარევი დასკვნები არ გაკეთდეს.
— ბატონო არნო, ცხადია, საქართველოს ყველა კუთხეში ზედიზედ 400-დე ხანძარი შემთხვევით არ გაჩნდებოდა! თვითონ განსაჯეთ — მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აგრილდა, გასულ შაბათს ხანძარი კიდევ ოთხ რეგიონში — თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარედ, მთა-თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთასთან, ალპურ ზონაში გაჩნდა...
— ადგილობრივი არჩევნებისა და სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის წინ მისმა სექტამ მიზნად დაისახა, პანიკის დასათესად და ბუნტის გამოსაწვევად გაანადგუროს ყველაფერი, რაც საქართველოს სიამაყესა და სიმდიდრეს წარმოადგენს: ცეცხლი წაუკიდეს მთაწმინდას, სიღნაღს, ბორჯომსა და აბასთუმანს. თანაც დააკვირდით — მთაწმინდა უკვე მეორედ აალდა, რადგან სწორედ იმ დღეს, 1 სექტემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ ბოტანიკურ ბაღში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პრეზენტაცია მოაწყო. დარწმუნებული ვარ, ეს სოლოლაკელმა ნაცებმა ჩაიდინეს, რომელთა გვარებიც ნაცმოძრაობის მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორ-აგიტატორების სიაში ირიცხება!
თუ თვალს გადავავლებთ ალმოდებული რეგიონების გეოგრაფიას, აღმოვაჩენთ, რომ ხანძარი მხოლოდ ბათუმში არ ყოფილა, რადგან იგი სააკაშვილის სიამაყეა. სწორედ ბათუმთან არის დაკავშირებული მისი მოგონებები უამრავ ორგიებზე — მომღერალ, მეფუნთუშე, ჟურნალისტ და მასაჟისტ ქალებთან ერთად!
რაც შეეხება საქართველოს ყველა უბედურებაში ტრადიციულად რუსეთის დადანაშაულებას, რომელიც მზად იყო, ხანძარი ელვის სისწრაფით ჩაექრო, ეს ჩვეულებრივი პიარ-ილეთია პრინციპით — „თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა“. აკი, ნაციონალებმა მშვენივრად იციან, რომ ადრე თუ გვიან მათ მაინც ამხელენ. თუ ასეა, უფრო ლოგიკურია, ცეცხლის გაჩენაში ეჭვი აშშ-სა და ნატო-ზე მივიტანოთ, იმიტომ, რომ ისინი საქართველოს არაფრით დახმარებიან 500 წყვილი იაფფასიანი ფეხსაცმლის გარდა, რომლითაც ამერიკელები, თურმე, უპატრონო მიცვალებულებს მარხავენ...
— საეჭვოდ ხომ არ მოგეჩვენათ, რომ 23 აგვისტოს, „რუსთავი-2“-ის პირდაპირ ეთერში „კურიერის“ წამყვანი მელაძე დუშეთში მოგიზგიზე ხანძრის შესახებ სიუჟეტში გულდაწყვეტილი იყო, რომ ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა? ხომ არ ადასტურებს ეს ფაქტი დივერსიის შესაძლებლობას და ხანძრებთან ნაცმოძრაობის კავშირს?
— უფრო მეტიც, 1 სექტემბერს, 16.45 საათზე ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ნაციონალ-პარლამენტარ ბოკუჩავას წამოსცდა, რომ ისინი და მათი ლიდერი სააკაშვილი საქართველოში ახალ რევოლუციას ამზადებენ! ტელეწამყვან სანაიას მიერ ბრწყინვალედ დასმულ შეკითხვაზე — რატომ ეწინააღმდეგება ყოფილი მმართველი პარტია ასე გაშმაგებით არჩევნების შერეული — პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას, თუკი 2012 წელს ამავე სისტემით მათ მაშინდელ ოპოზიციასთან არჩევნები წააგეს? — ბოკუჩავამ წამოაყრანტალა, რომ დღეს ხელისუფლება დიქტატორ ივანიშვილის ხელთაა, რომელიც ხელისუფლებას დემოკრატიულად არაფრისდიდებით დათმობს! ჰოდა, ამიტომ სხვა გამოსავალი არ რჩება და ასე მიაჩნიათ არა- მხოლოდ ნაციონალებს, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაცო...
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებისმიერს, ვინც ღიად — ტელევიზიით, მთელი ქვეყნის გასაგონად — განაცხადებს სახელმწიფო გადატრიალებისათვის მზადების შესახებ, დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ, ხოლო ორგანიზაციაში, რომელსაც ის წარმოადგენს, სპეცნაზი შევარდებოდა!
— ბატონი ბიძინა ახსენეთ — გასულ კვირას სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების თავმჯდომარემ გიორგი კოდუამ ივანიშვილი დაადანაშაულა, რომ მისი კუთვნილი ცხრა ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში ხანძარს კი არ აქრობდა, არამედ განაგრძობდა კონტრაქტით ფრენას ავღანეთში, რასაც ყოველდღიურად 20 ათასი დოლარი შემოსავალი მოაქვს.
— კოდუების კრიმინალური ოჯახის წარმომადგენელი, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მილიარდერ პატარკაციშვილის მკვლელის, ევროპაში მიმალვაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, იმის ნაცვლად, რომ ციხეში იჯდეს, მსხვილ ბიზნესს ფლობს, მაღალი თანამდებობა უკავია და კიდევ სხვის ჯიბეში ძვრება!
ესე იგი, გამოდის, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნა შეიძლება (რომელთაგან 33 უკვე „გრუზ 200“-ით დაბრუნდა, ივანიშვილის კუთვნილი ვერტმფრენებისა კი — არა?! სააკაშვილის დროს, როცა ივანიშვილი ასობით მილიონ დოლარს ახარჯავდა ქართულ არმიას, შეიარაღებას, აშენებდა სამხედრო ბაზებს, ჰოსპიტლებს და ხელფასს უხდიდა ჯარს, კოდუას აზრად არ მოსვლია, მიეთითებინა მილიარდერ ივანიშვილისათვის — როგორ განკარგოს საკუთარი ქონება?!
— სწორედ ახლა ვაპირებდი ორი შეკითხვის დასმას, რომლებიც ქართულ ჯარს უკავშირდება. აშშ-სა და ყველა სხვა ქვეყანაშიც, როცა სტიქია მძვინვარებს, დასახმარებლად ჯარი გამოჰყავთ. რატომ არ მონაწილეობდა ქართული ჯარი ბორჯომის ხეობაში ხანძრების ჩაქრობაში? და მეორე შეკითხვა — რატომ გადაიდო ნატო-ს სამხედრო წვრთნა Agile Spirit“, რომელიც მხოლოდ 3 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, 1 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო?
— თქვენი ორი შეკითხვა არამხოლოდ ქართულ ჯარს, არამედ ერთმანეთსაც უკავშირდება. თითოეულ ქართველ სამხედროს ესმის, რომ ავღანეთში არანაირ საქართველოს არ იცავს, უბრალოდ, სიცოცხლის რისკით ფულს შოულობს. ხანძართან ბრძოლა კი, რომელიც შენს სამშობლოს ანადგურებს, საქართველოს მტრისაგან დაცვას ნიშნავს! მაგრამ ქართულ ჯარს ხანძრის ჩასაქრობად თუ გამოიყვანდნენ, იმდენი „ჩეპე“ მოხდებოდა, რომ უფრო მეტ ჯარისკაცს დავკარგავდით, ვიდრე ავღანეთში! არავინ იცის, რამდენი სამხედრო მანქანა გადაიჩეხებოდა ხეობაში, რამდენი ტრავმა იქნებოდა უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევისა და უჩვეულო პირობებში მოქმედების გამო!
ჩვენს ჯარისკაცებს ხომ მხოლოდ ჰოლივუდის სტილში დადგმულ სპექტაკლებში მოქმედებას ასწავლიან! ნატო-ს წვრთნები ტარდება ვაზიანისა და ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე, რომელთა ლანდშაფტი ავღანეთს მოგვაგონებს. მიზანში სროლა, როგორც კომპიუტერულ თამაშებში, ამერიკული ბაზების დაცვის იმიტაცია და პატრულირების დროს ტერორისტების უვნებელყოფა, რასაც ტრიბუნიდან აღფრთოვანებით ადევნებენ თვალს ნატო-ს სარდლობა და საქართველოს პრეზიდენტი... ამიტომაც გადადეს წვრთნა, რომ ნატო-ს საერთაშორისო სწავლების მონაწილეთა მუნდირები შემთხვევით ხანძრის ნამწვით არ გამურულიყო! არმიისათვის არაფერია რეალურ სიტუაციაზე უფრო სასარგებლო, მაგრამ ბორჯომის ხეობაში წვრთნის ჩასატარებლად ნატო-ს გამბედაობა არ ეყო! ხოლო მინდორში „ვაჟკაცურად“ სირბილი და ბუტაფორიული მტრისათვის სროლა, სამხედრო მოქმედების იმიტირება, როცა ირგვლივ ნახევარი საქართველო იწვის, ასე თუ ისე, სირცხვილი იყო... ამიტომაც გადადეს სამხედრო სწავლება — დაიცადეს, სანამ ხანძარს შსს ჩააქრობდა!
და კიდევ: მათ ეშინოდათ, რომ ამ სწავლებას, ისევე, როგორც ვაზიანში ერთი თვის წინათ ჩატარებულ Noble Partner“-ს, ტრაგედია დაჩრდილავდა. როგორც გახსოვთ, იმ სწავლების დროს ავღანეთში ქართველი სერჟანტი დაიღუპა, სამი სამხედრო მოსამსახურე კი დაიჭრა.
შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს ბედი, რომელიც „სადაცაა, ნატო-ში შევა“, დამოკიდებულია რუსულ ვერტმფრენ მი-8-ზე, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს პარამეტრებით „ფასი — ხარისხი“, ხოლო ვიეტნამის ომის დროინდელი აშშ-ს მიერ ნაჩუქარი ჯართის — ვერტმფრენ „იროკეზების“ ჰაერში აფრენაც კი სასიკვდილო რისკია!
— ბატონო არნო, ერთადერთი, რის გამოც საქართველომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოაწერა და ნატო-ში შესვლას ისწრაფვის, ის გახლავთ, რომ ისინი ქართულ არმიას ნატოს სტანდარტებით წვრთნიან და გარეშე მტრებისგან უნდა დაიცვან. როგორც ცნობილია, ამერიკელები საქართველოში ქარხნებს არ ხსნიან, ბიზნესს არ აწარმოებენ, ინვესტიციებს არ დებენ და ტურისტებად არ ჩამოდიან. მაგრამ თქვენებურად გამოდის, რომ არმიასაც ვერ ამზადებენ?!
— ჩემთვის ისედაც ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ქართველ ხალხს აინტერესებს — სწავლება სწავლებას მოსდევს, მაგრამ შედეგი?! — ნატო-ში არ გვიღებენ, ავღანეთში ჯარისკაცები იღუპებიან, რუსეთისგან არ გვიცავენ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არ გვიბრუნებენ... მაშ, რაში გვჭირდება ასეთი ნატო?!
აი, ნახეთ: აფხაზეთში ქართულმა ჯარმა, ავად თუ კარგად, ერთ წელიწადს გაძლო — 1992-დან 1993-მდე. ჩაუცმელმა, ფეხშიშველმა, მშიერმა, ცუდად შეიარაღებულმა, თანაც ტოტალური ღალატის პირობებში! 2008 წელს კი სააკაშვილის მიერ ნატო-ს სტანდარტებით გადაიარაღებულმა და ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილმა ქართულმა არმიამ ერთი დღე „გაქაჩა“ — უბრალოდ, მიბრჯნით ცხრილავდა ყაზარმაში გამოკეტილ მშვიდობისმყოფელთა ასეულს, სანამ რუსეთის 58-ე არმია მიუსწრებდა!
დარწმუნებული ვარ, ეროვნული გვარდიის ბაზაზე შექმნილი და სააკაშვილამდე არსებული ქართული ჯარი, რომელიც დოლარებით და სხვა შეღავათებით არ იყო მოტივირებული, დღეს ხანძართან საბრძოლველად რომ გამოსულიყო, მას გაცილებით უფრო ადრე ჩააქრობდნენ!
სხვათაშორის, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც 2 კვირის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში ხელმძღვანელობდა საგანგებო შტაბს, არამარტო ხანძარი ჩააქრო, არამედ იქიდან პერსპექტიულ პოლიტიკოსად დაბრუნდა. ეს იყო შესანიშნავი ნამუშევარი, რომლისთვისაც მან ხალხის პატივისცემა დაიმსახურა და იმ მეტად მცირერიცხოვან სახელმწიფო მოღვაწეთა რიგებს შეემატა, რომლებსაც საქართველოში ყველა აღიარებს, ოპოზიციაც კი. მაგალითისთვის, ასეთი, თავისი დადებითი თვისებების გამო ყველასათვის მისაღები მოღვაწეა მეორე გიორგი — თბილისის საკრებულოს დღევანდელი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.

— ესე იგი, ქართულ არმიას რეფორმა სჭირდება? თქვენი აზრით, ის ისევ უნდა გარდაიქმნას?
— საქართველოს ჯარი ისეთივე ქართული უნდა იყოს, როგორც საქართველოს პოლიცია! უპირველეს ყოვლისა, ქართულ არმიას სამხედრო პირი უნდა ხელმძღვანელობდეს, სპეციალისტი და არა პოლიტიკოსი ან რომელიმე სპეცსამსახურის გენერალი. რაში გვჭირდება მინისტრი — პოლიტიკოსი? რა, მან თავისი, პარლამენტისგან და მთავრობისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გაატაროს?! მინისტრი იზორია კეთილსინდისიერად ასრულებს მისთვის დასახულ ამოცანებს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ეს ამოცანები არასწორია! და რადგან ღირსეულ ადამიანებზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, მინდა, განვაცხადო: 16 აგვისტოს, გენერალ ვალერი ჩხეიძის გარდაცვალების დღეს, ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გენერალმა იმნაძემ თავის ფეისბუქგვერდზე სამწუხარო სიმართლე დაწერა — რომ 200 ქართველი გენერლიდან ცოცხალი მხოლოდ 150 დარჩა!
გამოაკელით ამ 150-ს „კოოპერაციული გენერლები“, აგრეთვე სპეცსამსახურების ღრმად პატივცემული გენერლები და მხოლოდ ერთეულები დარჩებიან მებრძოლი გენერლების რიგებში! — ისინი, ვინც ქართულ ჯარს ნულიდან ქმნიდა, ვინც ახალგაზრდებისთვის ყურადღებიანი მასწავლებელი იყო, ხელქვეითებისთვის კი — ღირსეული დამრიგებელი.
სამწუხაროდ, ჩვენგან წავიდა ჩემი ერთგული უფროსი მეგობარი — დიდი ქართველი გენერალი თამაზ დუმბაძე. ღმერთმა კარგად ამყოფოს ჭუმბურიძე, ყარყარაშვილი, თევზაძე, ნიკოლაიშვილი, უჩაძე და სხვები, მაგრამ რატომ არიან დღეს ისინი არმიის გარეთ?! იქნებ მათ ვკითხოთ — რა სასწაულით ახერხებდნენ ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების შექმნას და ამავე დროს პირადი შემადგენლობის აღზრდას? იქნებ ვთხოვოთ, ქართული არმიის აღორძინებას დაუბრუნდნენ? მნიშვნელობა არა აქვს, რა რანგში — ხელმძღვანელებად თუ მრჩევლებად, როგორც ცნობილია, მათ წოდებები არ აინტერესებთ — ისედაც გენერლები არიან, არც თანამდებობები და ფული, ისინი ხომ ცოტა სხვანაირი ხალხია...
— ერთი კი დავასკვენი, ამ ხანძარმა ყველაზე ცივი შხაპივით იმოქმედა, გამოგვაფხიზლა და დაგვანახვა, ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ — არა...
— ჩვენთან არავინ იმეგობრებს, სანამ ქართველები ერთმანეთთან მეგობრობას არ ვისწავლით! ნატო საქართველოს მეგობარი რომ ყოფილიყო, ორფოლოში წვრთნების მაგივრად ბორჯომის ხეობაში ქართულ ჯართან ერთად ხანძარს ჩააქრობდა! მეტსაც გეტყვით — არც პრეზიდენტი მარგველაშვილია საქართველოს მეგობარი, რადგანაც კონსტიტუციით კრიტიკულ სიტუაციებში ჯარის გამოყვანა — მისი, როგორც ქვეყნის მთავარსარდლის, კომპეტენცია და მოვალეობაა!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
2017 წლის 1 სექტემბერი
საქართველო, თბილისი
თემაზე ასევე წაიკითხეთ:

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება უნდათ, რათა შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენონ! - არნო ხიდირბეგიშვილი

არნო ხიდირბეგიშვილი: აშშ-ის ელჩმა აიძულა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რუსეთის დახმარებაზე უარი ეთქვა და სანაცვლოდ 500 წყვილი იაფფასიანი ფეხსაცმელი აჩუქა!