რელიგია
აბა რა ვქნათ? დავხუჭოთ თვალი რეალობაზე და არ გავითვალისწინოთ ის, რომ პრაქტიკულად საქართველოს ეს მხარე რუსეთს ესაზღვრება?! - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

      საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი განმარტებას აკეთებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელთან, ვოლოკალამსკის მიტროპოლიტ ილარიონთან  შემდგარ შეხვედრაზე. რომელზეც საქინფორმი იუწყებოდა.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი თეოლოგების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც აფხაზეთის ეკლესიის განხეთქილების საკითხზე ქართულ-რუსული კომისიის შექმნას აკრიტიკებენ.
"მესმის თეოლოგების დამოკიდებულება საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ რეალობას ვერსად გავექცევით. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. მსგავსი მოლაპარაკებები ჩვენ კონსტანტინპოლის საპატრიარქოსთანაც გვაქვს. ამ საკითხების გადაწყვეტაში სხვა ეკლესიების ჩართულობასაც არ გამოვრიცხავთ, თუ, რა თქმა უნდა, ისინი რაიმე პოზიტიურ წვლილს შემოიტანენ.
ასე რომ, კომისიების შექმნით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და რატომ არის ამ ადამიანების დამოკიდებულება ასეთი, ამას ვერ ვხვდებით. აბა რა ვქნათ? დავხუჭოთ თვალი იმ რეალობაზე და არ გავითვალისწინოთ ის, რომ პრაქტიკულად საქართველოს ეს მხარე რუსეთს ესაზღვრება?! კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი და კიდევ ვაპირებთ. თუმცა, ორმხრივი შეხვედრების ფორმატი გაითვალისწინებს თუ არა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ჩართულობას ამ საკითხებში, ეს სამომავლოდ გადაწყდება", – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.