რელიგია
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც აკადემიისა და სემინარიის ყოფილ სტუდენტთა ნაწილს პასუხობს

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. განცხადების ტექსტს, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ:
„რამდენიმე წელია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, განსაკუთრებით მისი რექტორის, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს, ხდება დისკრედიტაცია სასწავლებლისა და მისი სამეცნიერო საბჭოსი, პროფესორ-მასწავლებლებისა.
სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართულნი ამ კამპანიაში, არ უნდათ დანახვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წინსვლისა, იმ დიდი ძალისხმევისა, რომელსაც ეწევა რექტორი, სამეცნიერო საბჭო და პედაგოგიური კოლექტივი სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვის სტუდენტთა ცოდნის დონის ასამაღლებლად.
გვსურს, ვუპასუხოთ ბრალდებას, წაყენებულს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს მიმართ ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ერთი ჯგუფის მიერ. ეს არის ბრალდება სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობის შესახებ. ხსენებული ჯგუფი ამ ბრალდებას საფუძვლად უდებს რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ სასწავლებლის თითქოსდა ავტორიტარული მმართველობის წესს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის წარმოუდგენელი ცილისწამება: სამეცნიერო საბჭოში შედის ოცდაათზე მეტი სასულიერო და საერო პირი – თეოლოგიის დოქტორები და პროფესორები, რომელთაც კარგად იცნობს როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე სამეცნიერო საზოგადოება. ეს ადამიანები დღეს მოღვაწეობენ არა მხოლოდ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, არამედ – საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით ცენტრებში.
გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ ძნელად წარმოსადგენი და დასაჯერებელია, მაღალი ზნეობისა და განათლების (ეს ორი ცნება მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს) მქონე ადამიანები რეგულარულად მონაწილეობდნენ იმ ფარსში, რომლის მიზანია ვითარების იმგვარად დასახვა, როგორადაც სურს ამ ჯგუფს წარმოადგინოს სასულიერო აკადემია-სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომები.
არანაკლებად გასაოცარია აკადემია-სემინარიის რექტორის – თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დადანაშაულება სტუდენტთა მიმართ ძალადობაში. ლოგიკურია, მივიჩნიოთ, რომ ეს ბრალდება ვრცელდება მთელს სამეცნიერო საბჭოსა და სასწავლებელში დასაქმებულ ყველა ადამიანზე – ისინი თანამონაწილედ უნდა ჩაითვალონ ამ ვითომდა შემდგარი ძალადობრივი აქტებისა. შეუძლებელია, იყო ჩუმი მოწმე, არ გაუწიო წინააღმდეგობა და შეინარჩუნო მორალური ღირსება და ადამიანური სახე.
ჩვენ, ამ განცხადების ხელისმომწერნი, უაღრესად შეურაცხყოფილნი ვართ ამ ცილისმწამებლური კამპანიითა და ვაცხადებთ, რომ ის წარმატებები, რომლებსაც მიაღწია სასწავლებელმა მამა გიორგი ზვიადაძის რექტორობის პერიოდში, არის საუკეთესო არგუმენტი ამ ბრალდებათა გასაბათილებლად, მათი უსაფუძვლობის დასადასტურებლად.
საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ – ამ სიტყვებით დავამთავრებთ ჩვენს განცხადებას, რომლის გამოქვეყნებაც გვაიძულა გაურკვეველი მიზნებით შეპყრობილმა ყოფილი სტუდენტების ჯგუფმა.
დაბოლოს, გვინდა გულისტკივილი გამოვთქვათ იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ისწავლეს იმ სასწავლებელში, რომელიც მოწოდებულია, აღზარდოს და უკვე ბევრი აღუზრდია ღრმა სულიერებისა და, ასევე, ღრმა საღვთისმეტყველო განათლების მქონე პირი“.
განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრები, სულ 36 ადამიანი.