რედაქტორისგან
ელჩმა იან კელიმ კვალიფიკაცია დაკარგა და ამერიკას არცხვენს, ამიტომ საქართველოდან გაწვეული უნდა იქნეს! - საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა

     ბატონო სახდეპელებო!

      შეხედეთ ფოტოს ქვემოთ - როგორ ზის საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და როგორ ზის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. განა ნებისმიერი სახელმწიფოს ელჩები, თუნდაც აშშ-ის იყოს, დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხელმძღვანელთა წინაშე ფეხი ფეხზე გადადებული უნდა ისხდნენ? ან იქნებ ეს ძალდაუტანებლობა საგანგებოდ უსვამს ხაზს - ვინ არის საქართველოში ბატონ-პატრონი?
      ეს ფოტო გუშინწინ, 2018 წლის 20 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაშია გადაღებული, სადაც ქართველი სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების ციკლის გახსნა გაიმართა, რომლებსაც საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი (GCSD, დირექტორი - ლევან დოლიძე, ფოტოზე მესამე) ჩაატარებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის (Government of Georgia Strategic Communications Program) ფარგლებში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს.
      ტრენინგების ჩატარების მიზანია ვერბალური ზემოქმედება ქართველ საჯარო მოხელეებზე, რომლებსაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობის ფართო ფენებთან, მათ ცნობიერებაში რუსოფობიური ნარატივის ჩასანერგად, ანტირუსული პროპაგანდის ჩატარების, რუსულ „რბილ ძალასთან“ და „ჰიბრიდულ ომთან“ ბრძოლის მეთოდების შესწავლა.
      „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უამბოს საზოგადოებას დასავლეთთან დაახლოების უპირატესობებზე. აუცილებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავება“, - განაცხადა გახსნაზე იან კელიმ და ამით საქართველო, მისი ხალხი და ხელისუფლება შეურაცხყო.
      როდის აქეთ ასწავლიან ჭკუას უცხოეთის ელჩები დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხელისუფლებებს - რა „უნდა“ გააკეთონ მათ და რა არა?! თანაც, სახალხოდ - პრემიერი კვირიკაშვილი ხომ გვერდით იჯდა?! ბოლოს და ბოლოს, თქვენი რამდენი გვმართებს - რამდენი მართებს საქართველოს აშშ-სი, რასაც გამუდმებით გვაყვედრის ელჩი კელი?! დაასახელეთ თანხა, რომლის დაბრუნების შემდეგაც ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ - რა უნდა გავაკეთოთ და რა - არა. ხალხი იშიმშილებს, მაგრამ აშშ-სთვის ვალის დასაბრუნებლად ფულს შეაგროვებს! მათ შორის, ქართველი მილიონერები - შავი ჯიპების მფლობელები...
      ანდა უცებ რაში დაგჭირდათ „კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმა“ „დასავლეთთან დაახლოების უპირატესობათა“ პროპაგანდისთვის, როცა ამის შესახებ უკვე 20 წელზე მეტია, საქართველოს ყველა ხელისუფლება და ტელეარხი ჩაგვჩიჩინებს „რუსთავი 2“-ის თამადობით, რომლებიც აშშ-ის სრულ კმაყოფაზე იმყოფებიან?! განა სსრკ-ის ლიკვიდაციის შემდეგ რუსეთმა საქართველოში თუნდაც ერთი ნორმალური პოლიტიკური პარტიის ან ტელეარხის შესაქმნელად მოიცალა, რომ აშშ-სთვის კონკურენცია გაეწია?!
      ამ შეკითხვას კელი თავისი სპიჩის გაგრძელებაში პასუხობს: „ჩვენს ინტერესებშია, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეთ დასავლეთს, რათა ნატოსა და ევროკავშირს შეუერთდეთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ხალხს ესმოდეს - რატომ არის თქვენს ინტერესებში დასავლეთის საზოგადოებასთან გაერთიანება და არა - ჩრდილოეთის!“.
არადიპლომატიური, უხეში ნამუშევარი! ყველაფრის ნებადართულობის პირობებში, როგორც ჩანს, იან კელიმ კვალიფიკაცია დაკარგა და უკვე არცხვენს აშშ-ს! საქართველოში მის გარეშეც უკვე დიდი ხანია, იციან, რომ ნატო და ევროკავშირი არა ქართველების, არამედ თქვენს ინტერესებშია, ამიტომ ამისთვის ზედმეტად ხაზის გასმა შეცდომა იყო. ქართველებს არ უყვართ, როცა მათ ინტერესებს მათ მაგივრად განსაზღვრავენ და ჯიბრით ყველაფრის უკუღმა კეთებას იწყებენ! საოცარია, რომ საქართველოში მუშაობის ამდენი წლის მანძილზე იან კელიმ ეს ვერ გაიგო...
      მანდ, სახელმწიფო დეპარტამენტში, ერთხელ მაინც თუ დაფიქრდით - საქართველოში ანტირუსულ პროპაგანდაზე დახარჯული ასობით მილიონი დოლარის და პოლიტიკური და სამოქალაქო სექტორების მოსყიდვის მიუხედავად, რატომ არ დაგიჯერათ ქართველმა ხალხმა, რაც თქვენივე, ამერიკული ინსტიტუტების IRI-სა და NDI-ს გამოკითხვებმა აჩვენა? იმიტომ, რომ კელის მაგვარი ელჩების წყალობით, ვაშინგტონში არ გააჩნიათ სარწმუნო ინფორმაცია საქართველოსა და ქართველ ხალხზე, რომელიც შეგიძლია მოკლა, მაგრამ ვერ იყიდი! და ასე - უკანასკნელ ნამდვილ ქართველამდე!
      ერთი ნახეთ, რას აცხადებს ამის შემდეგ თქვენი კელი: „თქვენ უნდა იმოქმედოთ პრინციპით: ერთი გუნდი, ერთი მისია, ერთი გზავნილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ უნდა განსაზღვროთ ნარატივი თქვენი ქვეყნისთვის. თუ საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ვიღაც სხვა განსაზღვრავს ჩრდილოეთის მიმართულებას, როგორც პრიორიტეტულს, ანდა ქართველ საზოგადოებაში დესტრუქციულ ძალებს დააფინანსებს, რათა სხვა ნარატივი დაამყაროს, რომელიც თქვენს ინტერესებს არ პასუხობს“.
      და ამას ამბობს დემოკრატიის, თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის ეტალონი ქვეყნის ელჩი?! როგორ შეიძლება, „ერთი გუნდი იყოს, ერთი მისია და ერთი გზავნილი ჰქონდეთ“ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობის“ სახით?! „უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია აუცილებელი კომპონენტია. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი აზრი გამოთქვას და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების თავისუფალი მონაწილე იყოს. მე მჯერა, რომ საქართველო ამისთვის მზად არის. არსებობს და უნდა არსებობდეს რეფორმების გაგრძელების და პლურალიზმის ვითარების შექმნის პოლიტიკური ნება“, - იქნებ ელჩ კელის „დაავიწყდა“ ერთი კვირის წინანდელი თავისივე კომენტარი აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის მოხსენებაზე?!
      და რა უფლება აქვს ნებისმიერი ქვეყნის ელჩს, დამოუკიდებელი ქვეყნის სახელმწიფო მოხელეები დაარიგოს - როგორი „ნარატივი“ განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნისთვის? იქნებ კელი საქართველოში პარტკომებისა და პოლიტხელების საბჭოთა ინსტიტუტის აღდგენისკენ მოგვიწოდებს საკუთარ მოქალაქეებზე იდეოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად? იქნებ დემოკრატიის, ტოლერანტობისა და კოჰაბიტაციის დრო წავიდა და ახლა ის დროა, ყველამ ერთნაირი ფარაჯები ჩავიცვათ და Pink Floyd-ის „ჩაქუჩების მარშზე“ მწყობრად ვიაროთ?! თუ ასე არ არის, რა კავშირი აქვთ პოლიტიკასთან სახელმწიფო მოხელეებს?! ნუთუ კელი მოგვიწოდებს, ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დავყოთ? ან იქნებ რასობრივითაც?!
      საერთოდ, როგორ უყურებენ სახელმწიფო დეპარტამენტში იმას, რომ აშშ-ის ელჩი დამოუკიდებელი ქვეყნის სახელმწიფო მოხელეებს იბირებს და აიძულებს, ისტორია გააყალბონ, შემდეგ კი პროპაგანდა გაუწიონ მას?! დიპლომატები, სამხედროები, სახელმწიფო მოხელეები - ისინი ხომ სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებიან და არა პოლიტიკურ რეჟიმებს, რომლებიც მოდიან და მიდიან! ისტორია ერთია, ისევე, როგორც სიმართლე, ხოლო მისი ცრუ ინტერპრეტაციები - „ნარატივები“ - ისეთებმა მოიგონეს, როგორიც კელია!
      მაგალითად, საქართველოში არ სჯერათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი კრემლისა და ФСБ-ს აგენტია, რასაც უკვე ერთი წელია, აშშ-ში აბრალებენ. საინტერესოა, რას ფიქრობს ამის თაობაზე ელჩი კელი? რატომ არ უნდა დაგველაპარაკოს ამაზე გაუთავებელი ჭკუის სწავლებისა და ნოტაციების ნაცვლად?! და საერთოდ - ვინ მიანიჭა იან კელის ქართველი ხალხის სახელით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განსაზღვრის უფლება?! რომ რუსეთთან მეგობრობა - „ნარატივია, რომელიც ჩვენს ინტრესებს არ პასუხობს“, თუმცა რუსეთისა და საქართველოს კავშირი თითქმის იმდენსავე წელს ითვლის, რამდენსაც ამერიკის არსებობის ისტორია?! როგორ ფიქრობთ, იქნებიან თუ აშშ და საქართველო მოკავშირეები 200 წლის შემდეგ?!

      ბატონო სახდეპელებო!

      სანამ სასტიკი სკანდალი დაწყებულა, სასწრაფოდ გაიწვიეთ ელჩი კელი - მან უხეშად დაარღვია დიპლომატიური ეთიკა და ნორმა, რადგან აიძულებს ქართველ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც მოწოდებული არიან, მოქალაქეებს მათი პოლიტიკური ორიენტაციისაგან დამოუკიდებლად ემსახურონ - საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებით დაკავდნენ! ხოლო ვინც აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებულ ტრენინგებს გააცდენს, სამსახურიდან გააგდებენო... არა, ნუ დასჯით მას, უბრალოდ, დამსახურებულ პენსიაზე გაუშვით, საპატიო ასაკის გათვალისწინებით.
      ამერიკას და მის იმიჯს გაუფრთხილდით, ბატონებო!
ამერიკელი ხალხისადმი ღრმა პატივისცემით,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 22 თებერვალი
საქართველო, თბილისი