აქტუალური
ქალბატონი ზახაროვა გამოხატავს რუსეთის ცნობილ დესტრუქციულ დამოკიდებულებას და პოზიციას საქართველოს ოკუპაციის მიმართ - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

     საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადება ტელეარხ „Дождь“-ისთვის მიცემული ინტერვიუდან.
„როდესაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოავლინა რუსეთთან ურთიერთობის ღრმა კრიზისიდან გამოსვლაში დაინტერესება, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი და ამ წლების განმავლობაში მან ყველასათვის ცნობილი დადებითი შედეგები მოიტანა. კერძოდ, აღდგა და ბევრად გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა, აღდგენილია საავიაციო და მიწისზედა სატრანსპორტო მიმოსვლა, მოიხსნა 2006 წლიდან მოქმედი შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსასვლელი ვიზების გაცემაზე, აქტიურად ვითარდება საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო, სპორტული კონტაქტები.
ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი არა მხოლოდ გაჩნდა, არამედ წარმატებით განხორციელდა. ეს საქართველოში და, განსაკუთრებით, მის საზღვრებს გარეთ ყველას როდი მოსწონს. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები „ტატუნაშვილის საქმეს“ ჩაეჭიდნენ. მაგრამ, ამ დასანანი ინციდენტის ირგვლივ საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობის უკან დახევა არ გამოუვიდათ“,
- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ „Дождь“-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ტატუნაშვილის საქმე“ პირდაპირ სამხრეთ ოსეთთან უნდა განიხილოს.
ქალბატონი ზახაროვა გამოხატავს რუსეთის ცნობილ დესტრუქციულ დამოკიდებულებას და პოზიციას ოკუპაციასთან მიმართებაში და ეს მათი იმ პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რითაც რუსეთის მხრიდან მცდელობაა, თავი აარიდონ ოკუპაციის ფაქტს და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას! თუმცა, ამაზე ჩვენი მთავრობა, პრემიერი პასუხობს ძალიან ძლიერი ინიციატივებით (გულისხმობს პროგრამას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც ცოტა ხნის წინ შესთავაზა აფხაზებს და ოსებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა - საქინფორმი), რაც მდგომარეობს იმაში, რომ სიკეთეები, რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, გავრცელდეს იმ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპაციის პირობებში იმყოფებიან“, - განაცხადა სესიაშვილმა.