პუბლიკაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გამხდარიყო, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებდა - საქინფორმი

     საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა დადებითი, მაგრამ ცოტა დაგვიანებული ნაბიჯია. ამასწინანდელმა საპროტესტო აქციამ რუსთაველის გამზირზე კატალიზატორის როლი შეასრულა - მან გამოაფხიზლა განცხრომას მიცემული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება - ბიძინა ივანიშვილის არამარადიულ რესურსზე მოპარაზიტე, რომლის წყალობითაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალა. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აუღებლობის და ყველა საბაბით წამდაუწუმ ივანიშვილთან რჩევისთვის სირბილის მანკიერმა პრაქტიკამ კვირიკაშვილის მთავრობას ბოროტი ოინი უყო: სტაბილურობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ეკონომიკაში მოჩვენებითი აღმოჩნდა. არადა, ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა საგანგებოდ დატოვა პოსტი დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ - 2013 წელს, რათა მთავრობის წევრებისთვის ინიციატივის და გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება მიეცა, თუმცა, მის მიერ პოლიტიკაში მოყვანილი „ახალი“ და „ძველი“ სახეები, დასავლური დიპლომებით თუ მათ გარეშე, უმეტესწილად ჩვეულებრივი საბჭოთა ბიუროკრატები აღმოჩნდნენ, რომლებიც ამჯობინებენ, რისკი არ გაწიონ პრინციპით „ინიციატივა დასჯადია“...

ექსპრემიერმა და მმართველი პარტიის ექსთავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს „3D“ დაუტოვა - დანგრევა, დაქსაქსვა და დაპირისპირება, ანუ ახალი რევოლუციის მცდელობა. ეკონომიკის დანგრევა, რაც UNISEF-ის კვლევებმა დაადასტურა; "ქართული ოცნების" დაქსაქსვა, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარტიის აღმასრულებელ მდივანთან ირაკლი კობახიძესთანაც კი კონფლიქტში შევიდა; და დაპირისპირება საზოგადოებაში - ვგულისხმობ მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციას, რომელმაც მყისვე პოლიტიკური შეფერილობა შეიძინა. ამიტომ ლოგიკური იქნებოდა, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაბრუნდებოდა მმართველი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დაბრუნების პირობა დადო, თუ „სამშობლოს ძალიან გაუჭირდება“.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ჯდება როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პოლიტიკურ ტრენდში - მხედველობაში მაქვს სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის მიერ ჩატარებული საკადრო წმენდა, რომელიც აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობის მოგვარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, აგრეთვე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეასთან შერიგების პროცესი დაიწყო, დღეს ხომ მსოფლიოს გაკვირვება სწორედ შერიგებით შეიძლება, და არა ომით! საქართველოს ხელისუფლების სათავეში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილიც დაიწყებდა შერიგების პროცესს - რუსეთის ფედერაციასთან.

ნებისმიერი სხვა ვარიანტი (მაგალითად, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის, შს მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურები) მხოლოდ გარდამავალი, დროებითი იქნება, იმიტომ რომ ისინი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა პრობლემას ვერ გადაჭრიან. როგორც არაერთხელ იუწყებოდნენ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ და საქინფორმი, ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი იყო ბანკირი მამუკა ხაზარაძე თავისი „ТВС ბანკით“, და საერთოდ - სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკა ბანკების მიმართ, რომლებიც მოსახლეობას სესხებზე წარმოუდგენელი პროცენტებით ახრჩობდნენ. ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო კვირიკაშვილის მხრიდან ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწყებული ანაკლიის პორტის ქართულ-ამერიკული პროექტის ლობირებით, რომლის დაფინანსებაზე, არსებული ინფორმაციით, ამერიკელმა ინვესტორმა - საინვესტიციო ჰოლდინგმა Conti International-მა უარი თქვა, რადგან ქართული მხარის - „ანაკლიას განვითარების კონსორციუმის“ - ხაზარაძის „ТВС ჰოლდინგის“ უსუსურობა დაინახა. ქვეყნის პრემიერის პოსტზე ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის კანდიდატურის არჩევა ნაკარნახევი იყო სწორედ მის მიერ ბოლო ხანებში გატარებული რეგულაციებით, რომლებიც საქართველოში ბანკების თვითნებობისა და ყველაფრის ნებადართულობის შეზღუდვაზეა მიმართული.

მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის კანდიდატურას მალე მაინც წარადგენს - უკვე საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.

საქინფორმი