პუბლიკაციები
თუ ყირიმი - რუსულია, იმიტომ რომ იქ რუსულად ლაპარაკობენ, ესე იგი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც რუსულია? - საქინფორმი G7-ზე დონალდ ტრამპის განცხადების კომენტარს აკეთებს

     საქართველოში საპროტესტო აქციებისა და მთავრობის გადადგომის მიღმა ყურადღებიდან გამორჩათ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სენსაციური განცხადება 8-9 ივნისს კანადაში ჩატარებული G7-ის სამიტის მსვლელობისას. გარდა იმისა, რომ ტრამპი იქ ყველას წაეჩხუბა ირანთან ბირთვული გარიგებიდან აშშ-ის გამოსვლის და ფოლადსა და ალუმინზე აშშ-ის მიერ შემოღებული ბაჟის - 10% და 25% შესაბამისად - თაობაზე, მან ბევრი დრო დაუთმო რუსეთს და მის ლიდერს. „დროის 25 პროცენტი ჩვენ რუსეთს დავუთმეთ, აი, რატომ იქნებოდა კარგი, რომ აქ პუტინი და რუსი დიპლომატები ესწრებოდნენ“, - დაახლოებით ასე განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სამიტზე. თუმცა ტრამპი სამიტამდეც აცხადებდა, რომ „რუსეთი უნდა ესწრებოდეს, უნდა დაბრუნდეს G8-ში“, რასაც პუტინის ცნობილი პასუხი მოჰყვა, რომ „რუსეთის ფედერაცია „დიდი რვიანიდან“ არ გამოსულა, ამიტომ არსად დაბრუნებას არ აპირებს“.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტრამპის სხვა სენსაციური განცხადებები, იმიტომ რომ ერთდროულად ეხება: მის „N1 სტრატეგიულ პარტნიორს“ - აშშ-ს; „მთავარ რეგიონულ პარტნიორს“ - უკრაინას; და „ოკუპანტ ქვეყანას და N1 მოწინააღმდეგეს“ - რუსეთს. „პრეზიდენტმა ტრამპმა G7-ის ლიდერებს განუცხადა, რომ ყირიმი - რუსულია, იმიტომ რომ იქაურები ყველანი რუსულად ლაპარაკობენ“, - აღნიშნულია ამერიკული პორტალის Buzzfeed-ის ინფორმაციაში ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, რომლებმაც დააზუსტეს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ასეთი განცხადება წინისწინა პარასკევს ვახშმის დროს გააკეთა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამიტის მსვლელობისას ტრამპი თავის წინამორბედს ბარაკ ობამას აკრიტიკებდა, რომელმაც წინააღმდეგობა არ გაუწია ყირიმის რფ-სთან მიერთებას. „ობამას შეუძლია, რაც უნდა, ის ილაპარაკოს, მაგრამ მან დაუშვა, რომ რუსეთმა ყირიმი მიიერთა“, - მოჰყავს ტრამპის სიტყვები Buzzfeed-ს. „ეს ჩემამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. პრეზიდენტმა ობამამ ყირიმი დაკარგა, იმიტომ რომ პუტინი პრეზიდენტ ობამას პატივს არ სცემდა!“, - ტრამპის სიტყვების ციტირებას ახდენს Fox News.

გარდა ამისა, Buzzfeed-ის ინფორმაციით, ტრამპმა უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა და, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნა, რომ „უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში. საერთოდ, რატომ დავიჭირეთ მათთან საქმე?!“.

როგორ მოვეკიდოთ აშშ-ის პრეზიდენტის ზემოთ მითითებულ განცხადებებს და რატომაა ისინი უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი-ბიზნესმენი ტრამპი ქვეყანას ისე მართავს, როგორც საკუთარ ბიზნესს, და მხოლოდ ამერიკელთა სასიცოცხლო ინტერესებს ითვალისწინებს. რას მისცემს ეს პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, რომ დღეს ის უკვე დადებითად აისახა დოლარზე და ამერიკულ ეკონომიკაზე. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ტრამპი არ მალავს, რომ მხოლოდ ძლიერის უფლებას აღიარებს და ყველაზე ძლიერად აშშ-ს მიიჩნევს. ამიტომ ტრამპი ზემოდან უყურებს ევროკავშირსა და ნატოს, რომლებიც აშშ-ზე და რუსულ გაზზე არიან დამოკიდებული, და ცნობს ძლიერ მოწინააღმდეგეებს - რუსეთსა და ჩინეთს.

ანტირუსული სანქციების მიუხედავად, რომლებმაც რუსეთს დიდი ზიანი მიაყენა, ტრამპს, რომელსაც ამერიკის პოლიტისტებლიშმენტი არჩევნებში გამარჯვების დღიდან ადანაშაულებდა (და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ დაადანაშაულებს!) კრემლთან ფარულ კავშირში, პოლიტიკური ნების შემთხვევაში შეუძლია, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში ამჟამად არსებული სტატუს-კვო საპირისპიროთი - პარტნიორულით შეცვალოს. პუტინი, რომელთან მოლაპარაკების დროს ტრამპს უნდა, უფროსად გამოიყურებოდეს, მოთმინებით იცდის, სანამ ტრამპი საქმიანი საუბრისთვის მწიფდება, მაგრამ ამავე დროს, „კოვბოის“ ყოველი სკანდალური მოძრაობის შემდეგ, „თანდათან უჭერს რგოლებს“ და კეთილგანწყობით იღებს ტრამპის მიერ დაჩაგრულ ევროპელ ლიდერებს. დღეს შემდგომი მოვლენების წინასწარმეტყველება ყავაზე მკითხაობას ჰგავს, ერთადერთი, რისი თქმაც დარწმუნებით შეგვიძლია, ის არის, რომ ემოციური პრაგმატიკოსი (უნიკალური სინთეზი!) ტრამპის ხელში არავინ მოიწყენს...

რატომ უნდა გაითვალისწინოს ეს პატარა საქართველოს ახალმა მთავრობამ, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ გასულ ხუთშაბათს თავის პირველ პრიორიტეტად „ქართველი ხალხის ისტორიული - ევროატლანტიკური არჩევანის“ განხორციელება გამოაცხადა? ბევრი მიზეზით, მათგან მხოლოდ 4-ს დავასახელებთ:

1. თუ ყირიმი რუსულია (აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები კი საქართველოში განსჯას არ ექვემდებარება!), ესე იგი, ანტირუსული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უაზროა - ისევე, როგორც უაზროა ჯეკსონ-ვენიკის შესწორება და ნატოს არსებობა სსრკ-ისა და ვარშავის ხელშეკრულების ლიკვიდაციის შემდეგ. ამიტომ შემდგომში საქართველოს ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ ნებისმიერ ანტირუსულ აქციას განახორციელებს - მაგალითად, დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატების გაძევებას. (სხვათაშორის, არცერთ რუს დიპლომატს თბილისი მაინც არ დაუტოვებია, „სამაგიეროდ“, სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.)

2. თუ ყირიმი რუსულია, იმიტომ რომ იქ რუსულად ლაპარაკობენ, ესე იგი, აშშ-ის პრეზიდენტის ლოგიკით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც რუსული ყოფილა, იმიტომ რომ იქაც რუსულად ლაპარაკობენ?

3. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ თავის ბოლო რეზოლუციაში კვლავ ხაზს უსვამს ტერიტორიული პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას, უპრიანია, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს ევროატლანტიკური ორიენტაცია ევროპულზე შეცვალოს („ატლანტიკურის“ გარეშე). ამასთან დაკავშირებით ახალ მთავრობაში უნდა შეიცვალოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც „პარალელურ“ - ნატოს სამყაროში ცხოვრობს და ქართველ პრემიერს კი არა, ბრიუსელს ემორჩილება. იმ დროს, როდესაც საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, რაც გასულ კვირას UNISEF-ის კვლევამ დაადასტურა, და საგარეო ვალი კატასტროფულად გაიზარდა, ამერიკული და სხვა უცხოური იარაღი, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტის ასობით მილიონ დოლარად იზორიამ საქართველო აავსო, სასწრაფოდ უნდა გაიყიდოს. რუსების წინააღმდეგ უსარგებლო ეს რკინა, რომელიც აფხაზებისა და ოსების შეშფოთებას იწვევს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირების ზემოთ მითითებულ პროცესს შეუძლებელს ხდის.

4. უკრაინა მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა! - უნისონში აცხადებენ ტრამპი და სააკაშვილი, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კი უკრაინა ოფიციალურად გამოაცხადა საქართველოსთვის ყველაზე მეგობრულ სახელმწიფოდ, შავი ზღვის რეგიონში სამხედრო და ეკონომიკურ პარტნიორად და „ერთ ბედქვეშ მყოფად“. უკრაინა და საქართველო უნისონში გამოდიან ყველა საერთაშორისო არენაზე და ასევე „დუეტად“ იხსენიებიან გაეროსა და ევროპარლამენტის რეზოლუციებში, როგორც „რუსული ოკუპაციისგან დაზარალებულები“. ერთად ისწრაფვიან ნატოსა და ევროკავშირში, ერთად იღებენ „ჯაველინებს“ აშშ-სგან და უვიზო რეჟიმს ევროკავშირისგან, და ერთად ოცნებობენ „ოკუპირებული ტერიტორიების“ დაბრუნებაზე. ამიტომ შესაძლოა, უკრაინის კვალდაკვალ, ტრამპმა საქართველოც კორუმპირებულ გარიყულ ქვეყნად გამოაცხადოს და მის ხელისუფლებაში კორუფციასთან ბრძოლის აღიარებული პიარმენეჯერი - მიშა სააკაშვილი დააბრუნოს.

საქინფორმი
2018 წლის 18 ივნისი
საქართველო, თბილისი