პოლიტიკა
საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს იმის გაკეთება სურს, რასაც საქინფორმი ჯერ კიდევ 2017 წლის 14 ნოემბერს მაშინდელ პრემიერ კვირიკაშვილს ურჩევდა!

      საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიული და მოქნილი მცირე მთავრობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში ახალგაზრდა სტარტაპერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მცირე ზომის მთავრობა გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც გულისხმობს.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება: ქვეყნის შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, განათლება, ინოვაციები და ახალგაზრდობა. მისი თქმით, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება.

ჩვენი კონცეფციაა მცირე მთავრობა, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს არის ის, რაც შემიძლია ამ ეტაპზე დაგიდასტუროთ. ბუნებრივია, მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ამოსავალი წერტილია, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიული და მოქნილი მცირე მთავრობა. პრინციპი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც, რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დაველოდოთ კონსულტაციებს და აუცილებლად მიიღებთ პასუხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ფინანსთა სამინისტროს გაერთიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, აგრეთვე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროგაერთიანება იუსტიციის სამინისტროსთან. საქინფორმი, რომელიც აღნიშნავდა მამუკა ბახტაძის წარმატებებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტზე, კერძოდ, ეროვნული ვალუტის - ლარის სტაბილიზაციაში, და ასევე რეფორმებს კერძო საბანკო სექტორის თავაშვებულობის მოთოკვის მიზნით, რწმენას გამოთქვამს, რომ ის ამჯერადაც შეასრულებს სიტყვას, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“...

საქმე ის გახლავთ, რომ საქინფორმის ინფორმაციით, სამინისტროების გაერთიანებას აქტიურად ეწინააღმდეგება ჩინოვნიკების ჯგუფი, რომელსაც გარდაუვალი საკადრო ოპტიმიზაციის - შემცირებების შედეგად თანამდებობების დაკარგვის ეშინია. უკვე ვრცელდება ვერსია, რომ ამჯერად ბახტაძე, უბრალოდ, ოთხ ახალ მინისტრს წარადგენს, მთავრობაში მათი რაოდენობა კი იგივე დარჩება, ანუ 13 მინისტრს + 1 სახელმწიფო მინისტრი.

მკითხველებს შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის 14 ნოემბერს, პუბლიკაციაში „აუცილებელია კიდევ სამი სამინისტროს და ერთი „უპორტფელო“ მინისტრის გაუქმება“ საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ურჩევდა ფინანსთა სამინისტროს გაერთიანებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, აგრეთვე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გაერთიანებას იუსტიციის სამინისტროსთან, გარდა ამისა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის (ანუ 1 სახელმწიფო მინისტრის) და, მათთან ერთად, 2 - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის - „მთავრობის დევნილობაში გაუქმებას. აი, რას სთავაზობდა საქინფორმი თითქმის ერთი წლის წინ, როდესაც მაშინდელმა პრემიერმა კვირიკაშვილმა მინისტრების რაოდენობა 16-დან 13-მდე შეამცირა:

ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია - საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ოპტიმიზაცია გახლავთ დაბრუნება საბჭოთა დროიდან პრეზიდენტ სააკაშვილამდე საქართველოში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების წლობით გამოცდილ სტრუქტურასთან.

საქართველოში ყველასთვის ცნობილია, რომ სააკაშვილი დუბლირებული ფუნქციების მქონე სამინისტროებს თავისი საყვარლებისა და თანამებრძოლების დასაქმების მიზნით ქმნიდა, ისინი მზად იყვნენ, მისი ნებისმიერი, ყველაზე დანაშაულებრივი ბრძანებებიც კი ბრმად შეესრულებინათ.

სახელმწიფოს 2 მილიონამდე მოსახლეობით 18 მინისტრი არ სჭირდება და 14-ც კი, რომლებიც გუშინდელი რესტრუქტურიზაციის შედეგად დარჩნენ, მეტისმეტად ბევრია. საქართველოსთვის 10 სამინისტრო სავსებით საკმარისია, ამიტომ უკვე გაუქმებულ ოთხს უნდა დაემატოს კიდევ 4:

•  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც არასოდეს შეარიგებს ქართველებს აფხაზებთან და ოსებთან, ქეთევან ციხელაშვილი კი თავისი განცხადებებით ამ უკანასკნელთ მხოლოდ აღიზიანებს;

•  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო - დევნილები ისევე არიან საქართველოს მოქალაქეები, როგორც ყველა დანარჩენი, ამიტომ შუამავალი სოზარ სუბარის სახით სხვა სამინისტროებთან, რომლებიც მათ დახმარებებს უხდიან, მკურნალობენ და სახლებს უშენებენ, არ სჭირდებათ. აგრეთვე გასაუქმებელია 2 „მთავრობა დევნილობაში“, რაც უკვე სასაცილოც არ არის;

•  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან უნდა გაერთიანდეს და ახალ სტრუქტურას ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა მინისტრმა კახა კახიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს. მით უმეტეს, რომ თეა წულუკიანი გათხოვდა და დასვენება და ოჯახური ბედნიერება დაიმსახურა;

ფინანსთა სამინისტრო უმტკივნეულოდ გაერთიანდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, მით უფრო, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი ნიჭიერი მენეჯერია და საკმაოდ წარმატებული ეკონომიკის მინისტრი იყო. უფრო მოხერხებულია, როცა მთელი ეკონომიკური ბლოკი ერთ სამინისტროშია გაერთიანებული.

შედეგად 10 სამინისტრო დარჩება, რისი დამტკიცებაც გვჭირდებოდა.“