პოლიტიკა
ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას პროგრამის შესრულებაზე, წარვადგენ ორ კვირაში - ბახტაძე

     საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. „ჩვენ პარლამენტში მოვდივართ, რომ პარლამენტს ვთხოვოთ ნდობა, რომ წარმოვადგინოთ მცირე მთავრობის კონცეფცია,“- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობას ეხებოდა.

ბახტაძემ არც ამჯერად დაასახელა მინისტრების რაოდენობა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ აკონკრეტებს, ინარჩუნებს თუ არა თანამდებობას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ჩვენ პარლამენტში მოვდივართ, რომ პარლამენტს ვთხოვოთ ნდობა, წარმოვადგინოთ მცირე მთავრობის კონცეფცია, ვინაიდან სწორედ მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე შევძლებთ ჩვენ იმ პროგრამის რეალურ ცხოვრებაში რეალიზაციას, რომელიც იქნა წარმოდგენილი. მე მინდა, ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილო პროგრამაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს აქვს ჩვენ ქვეყანას, პროგრამა სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს. მაგრამ იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ეფექტური თავის აღსრულებაში, იყოს ოპერატიული, ჩვენ საჭიროა, რომ ჯერ მივიღოთ მცირე მთავრობ კონცეფცია და შედეგად დავიწყოთ უკვე წარმოდგენილი პროგრამის რეალიზაცია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან მინისტრები მომავალში, ორი სამი კვირის თავზე, როდესაც ჩვენ გავივლი ყველა შესაბამის პროცედურას, რომელიც არის კანონით გათვალისწინებული, ბუნებრივია, თქვენ და საზოგადოებას მე წარვუდგენ იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ პროგრამას შევასრულებთ, - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ადასტურებს, რომ ახალ მთავრობაში ახალი სახეები იქნება. მე ვადასტურებ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩვენ ახალ მთავრობაში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები, მათ შორის პროფესიული წრეებიდან - ამბობს მამუკა ბახტაძე.

მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობასა და მის მნიშვნელობაზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. ჩვენ არცერთ ფუნქციას არ დავაკნინებთ, პირიქით, სამინისტროების შერწყმა განხორციელდება ორგანულად, ფუნქციების და ამოცანების მიხედვით, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის ეკონომიკას არ უჯდებოდეს სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა ძალიან ძვირი - აღნიშნა ბახტაძემ.