რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ნატოს ხომალდები საქართველოს პორტებში იმორიგევებენ, რათა იქ რუსეთის გემები არ შევიდნენ

   ქართველმა პოლიტოლოგმა უამბო SPUTNIK-ს, რას უნდა მოველოდეთ რუსეთისაგან, თუკი საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ნატოს

საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. „საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც გაუმარტივებს ნატოს ხომალდებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და პორტებში შემოსვლას“, - ნათქვამია 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშში. მთავრობის ანგარიში სახელწოდებით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“ პარლამენტში 31 მაისს შევიდა.

     „შემუშავებულია საკანონმდებლო პროექტი დიპლომატიური ნებართვების გამარტივების შესახებ ალიანსის მუდმივმოქმედი საზღვაო ქვედანაყოფების და ხომალდებისთვის, რომლებიც ნატოს ოპერატიულ დაქვემდებარებაში იმყოფებიან, საქართველოს პორტებში და ტერიტორიულ წყლებში შესასვლელად“, - ნათქვამია ანგარიშში.

     „მიუხედავად საქართველოს სწრაფვისა, ნატოში მისი გაწევრიანება ჯერჯერობით არარეალურია“, - მიაჩნია პოლიტოლოგს და პუბლიცისტს, საქინფორმის მთავარ რედაქტორს არნო ხიდირბეგიშვილს. „ყოველივე ეს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ფარვატერში თავსდება, ანუ „მეტი ნატო საქართველოში“. ალიანსში კი საქართველოს უახლოეს მომავალში არ მიიღებენ, რაც ღიად განაცხადა ყველამ - ნატოს გენერალური მდივნიდან აშშ-ის პრეზიდენტამდე. სამაგიეროდ, ნატო საქართველოში უკვე მიიღეს და ფორმატი მუდმივად გაფართოვდება“, - განუცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik-ს.

   ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ „საქართველო ალიანსის მთავარი საყრდენია შავ ზღვაზე“: „საქართველო აშშ-ის და ნატოს სტაბილური სანდო პარტნიორია, მათი ინტერესები აქ საიმედოდ არის დაცული და მათ არავინ ემუქრება, ქვეყანას ლიდერის როლი უკავია შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიის კონცეფციაში. და ამიტომ საქართველოს საზღვაო პორტებში რიგრიგობით იქნებიან ხან ნატოს, ხან აშშ-ის ხომალდები, რათა იქ „შემთხვევით არ შეიხედონ“ ახლომახლოს - ყირიმსა და აფხაზეთში ბაზირებულმა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებმა“, - ხაზი გაუსვა ხიდირბეგიშვილმა.

   „ეს შედის ამ დღეებში - თანაც, ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად! - გამოქვეყნებულ რუსეთის შეკავების ნატოსეულ ახალ სტრატეგიაში, რუსეთის მხრიდან „ახალი გამოწვევების და ბირთვული საფრთხის საპასუხოდ“. სტრატეგია, როგორც ცნობილია, 4 პუნქტისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულში საქართველოს მეტად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება: 1) მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება სანქციების და ბაზების მეშვეობით; 2) შავ ზღვაზე პოზიციების გამყარება - „ის ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის“; 3) დახმარების პაკეტები მოკავშირე ქვეყნებისთვის (საქართველოსთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, მასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარება და სხვ.); 4) კიბერსაფრთხისათვის წინააღმდეგობის გაწევა", - განაცხადა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა.

   მისი თქმით, ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება რუსეთს არ მოსწონს, მაგრამ ჯერჯერობით საპასუხო ზომებისაგან თავს იკავებს. „სანამ რუსეთს კონკრეტული საფრთხე არ დაემუქრება სამხრეთის ფლანგიდან, სახმელეთო ან საზღვაო საზღვრიდან, ის არ მიმართავს ადეკვატურ სამხედრო ქმედებებს და მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით შემოიფარგლება. მოსკოვი განაგრძობს საქართველოს მიმართ თავშეკავებული პოლიტიკის გატარებას, ნებისმიერი გამოხდომების მიუხედავად“, - აღნიშნა ხიდირბეგიშვილმა.

     პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ არც აშშ-ის და ნატოს სამხედრო ხომალდები, არც საქართველოს არმიისათვის ამერიკული შეიარაღების მოწოდება, არც საქართველოს ტერიტორიაზე პერმანენტულად მიმდინარე ნატოს და აშშ-ის სამხედრო სწავლებები რფ-სათვის კრიტიკულ საფრთხეს არ წარმოადგენს, ოღონდ, მხოლოდ მანამდე, ვიდრე ყოველივე ამას „პერიოდული ხასიათი“ აქვს. „მაგრამ თუკი ეს გადაიზრდება მუდმივი ბაზირების ფაზაში, საქართველოში ნატოს ან/და აშშ-ის ბაზების გახსნაში - ანუ, არა ინსტრუქტორები, ხომალდების ვიზიტები და ერთობლივი საერთაშორისო სამხედრო წვრთნები, არამედ სამხედრო ბაზა ყველა თავისი კომპონენტით, შესაძლოა, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო დანადგარებითაც კი - მაშინ, ცხადია, საქართველო რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებს ვეღარ გაექცევა“, - მიაჩნია ხიდირბეგიშვილს.