პუბლიკაციები
პოლიტიკური სეკონდ ჰენდი: სამეულმა - კემულარია-სანიკიძე-ოქრუაშვილი - „ქართული ოცნების“ რეიტინგი ასწია - საქინფორმი

 საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეების შთამბეჭდავი კატეგორია, რომელიც 7-წლიანი დაპირებების მიუხედავად მკვეთრად გაძვირებული ცხოვრების გამო მმართველ „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულია, მხარდაჭერისთვის უკვე სხვა პოლიტიკურ ძალას ირჩევდა. მაგრამ „მესამე პოლიტიკური ძალის“ გუშინდელი პრეზენტაციის შემდეგ, რომელმაც საქართველოში არაპოპულარული პოლიტიკოსების ტანდემი კემულარია-სანიკიძე-ოქრუაშვილი გააფორმა, ადამიანები შიშმა შეიპყრო, რომ ისინი, შესაძლოა, ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში, და გაიფიქრეს: „ისევ „მეოცნებეები“ ჯობს, ვიდრე ესენი!“.

ამ „სამეულს“ ბევრი რამ აქვს საერთო:

- კემულარიას და ოქრუაშვილს პრეზიდენტ სააკაშვილის დროს რამდენიმე უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა ეკავათ და მის მიერ შექმნილი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები იყვნენ: კემულარია - ყოფილი პარლამენტარი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, რუსეთში საქართველოს ელჩი და უშიშროების საბჭოს მდივანი;

ოქრუაშვილი - თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, მთავარი პროკურორი და ოლქის გუბერნატორი.

რაც შეეხება სანიკიძეს, სახელმწიფო თანამდებობებისთვის ის ზანტი იყო, თუმცა, საკუთარი აღიარებით, „ყოველთვის მილიონერობაზე ოცნებობდა“. ამიტომ „სამუდამო“ დეპუტატის სავარძლით კმაყოფილდებოდა, ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოდან დაწყებული - დღემდე. პლუს ლიდერობა პოლიტიკურ გაერთიანებებში - „ტრადიციონალისტთა კავშირში“ და „ეროვნულ ფორუმში.

და კიდევ, სამივეს ჰქონდა კავშირი რუსეთთან, თუმცა პერიოდულად რუსოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ: კემულარია, როგორც ზემოთ აღინიშნა, რფ-ში საქართველოს ელჩი იყო, ოქრუაშვილი 2011 წელს ნინო ბურჯანაძის ცნობილი აქციის დროს მოსკოვში იმყოფებოდა და, ვითომდა, საქართველოში და ხელისუფლებაში დაბრუნებას რუსული ქვედანაყოფების მხარდაჭერით აპირებდა; ხოლო სანიკიძე, რომელიც პარლამენტარი ბიძინა ივანიშვილის წყალობით გახდა, რომელსაც მალევე უკანასკნელი სიტყვებით დაუწყო ლანძღვა, მხოლოდ ერთი თვის წინ წამოვიდა ნინო ბურჯანაძის პარტიიდან და სააკაშვილთან კონსულტაციები ჰქონდა, როგორც მანამდე - ოქრუაშვილს.

„ახლა ვიღასები არიან, ეშმაკმა დალახვროს?! - შესძახებს მკითხველი ასეთი, საქართველოსთვისაც კი უპრეცედენტო უპრინციპობის ხილვისას, - მიშასი თუ კრემლის?!“.

საქინფორმი უპასუხებს: არავისიც არ არიან, ეს ჩვეულებრივი ქართული სეკონდ ჰენდია, რომელიც იმისია, ვინც მეტს გადაიხდის!

საქმე ის გახლავთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა - სწორედ დროა სხვადასხვა წვრილ-წვრილი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისთვის, რომლებიც ივაჭრებენ და ეცდებიან, თავი რაც შეიძლება ძვირად მიჰყიდონ ორ მთავარ მეტოქეს - ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ ან სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“. სოლიდურ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად გაფორმების პერსპექტივა მათ იმაზე მეტი არ აქვთ, ვიდრე მარტში პოეტ დავით მაღრაძის მიერ შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას „დაიცავი საქართველო“.

საქინფორმის რედაქცია