სამართალი
დღეს პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 14 ივნისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა კონტრაქციის 28 მონაწილე.

ზემოაღნიშნულის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.

ასევე, დაწყებულია გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

რაც შეეხება მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციას, პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.