საზოგადოება
გრიგორი კარასინთან კომუნიკაციისას აღინიშნა, რომ ორივე მხარე განწყობილია, ბოლო წლებში მიღწეული პოზიტივი შეძლებისდაგვარად შენარჩუნდეს - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ჩვენი მხარე, ასევე რუსეთის მხარე ისეა განწყობილი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობების თვალსაზრისით ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პოზიტივი შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შექმნილ ვითარებაზე პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ტელეფონით ისაუბრეს.

ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ახლა მთავარია, ემოციებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს და არ დააზარალოს საქართველოს უამრავი მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინთან საუბრისას ასევე გამოეხმაურა ენგურზე გადასასვლელის დახურვას და აღნიშნა, რომ ეს სრულიად მიუღებელია.

ჩემი ინიციატივით, ვისაუბრეთ ენგურზე გადასასვლელის დახურვასთან დაკავშირებით. აღვნიშნე, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და გავაცანი იმ განცხადებების შინაარსი, რომლებიც დღეს გაკეთდა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.