საზოგადოება
ინფლაციური პროცესების განვითარების შემთხვევაში ადეკვატურ ზომებს მივიღებთ, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებში აისახება - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციური პროცესების გააქტიურების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი შესაბამის ზომებს მიიღებს, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებში აისახება.

მისი თქმით, შესაძლოა, ეგზოგენურმა ფაქტორებმა იქონიოს გავლენა ინფლაციაზე.

დავაკვირდებით და თუ იქნება ინფლაციაზე წნეხი, მივიღებთ ადეკვატურ ზომებს იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გვექნება. მოგეხსენებათ, ინფლაციის თარგეთირება გვაქვს ქვეყანაში და გაცხადებული მაჩვენებელი არის სამი პროცენტი. თუმცა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს არ არის ლიმიტი და შესაძლებელია, ინფლაცია იყოს სამ პროცენტზე ზემოთ ან ქვემოთ. რა თქმა უნდა, ეგზოგენურმა ფაქტორებმა შეიძლება, იქონიოს გავლენა და ამ შემთხვევაში, ზუსტად ეს არის ეგზოგენური და არა მონეტარული ფაქტორი. თუ შევნიშნეთ, რომ ინფლაციური პროცესები უფრო ვითარდება, ამას აუცილებლად ავსახავთ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

მაისში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 4,7 პროცენტი შეადგინა, ივნისის მაჩვენებელი კი დღეს გახდება ცნობილი.