საზოგადოება
რუსეთის ხელისუფლებიდან მსგავსი განცხადებები არაერთხელ გვსმენია, ეს არის ისტორიული ფაქტების ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი - ზალკალიანი

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა.

რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენ მსგავსი განცხადებები არაერთხელ გვსმენია, ეს ახალი არ არის, ადრეც ყოფილა და, რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. აქედან გამომდინარე, ის, რაზეც იყო საუბარი არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებებია და არასწორ კონტექსტში. როდესაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან უწყება და მე-19 საუკუნიდან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უმრავი ფაქტი არსებობს არგუმენტირებულად, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუ ჩვენ ისტორიულ წიაღსვლებში სვლა გვინდა, იმსჯელონ ამაზე და აქაც, მე ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ არის ძალიან ბევრი ფაქტი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კონფლიქტის მოგვარების კუთხით ნაბიჯები გადაიდგას.

რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ, მიმართული იქნება დეოკუპაციისკენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რისი დასტურიც არის ის, რაც აისახება იგივე ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ეს არის მუდმივად იმის გაცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ნორმები და ვალდებულებები რაც არის აღებული, უნდა იყოს შესრულებული“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო მეგობრობა ძალიან კარგად არის ინფორმირებული რეალურ სიტუაციასა და ისტორიულ ფაქტებზე.

საერთაშორისო თანამეგობრობა რომ კარგად არის ინფორმირებული რეალურ სიტუაციასა და ისტორიულ ფაქტებზე, ამაზე მეტყველებს ის, რომ ჩვენ ვართ აღიარებული მთელი მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან, როგორც ერთიანი, სუვერენული, ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა აღიარებულ საერთაშორისო ფარგლებში. აი ეს არის პასუხი, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც არ აღიარებს და იცით, ვინც არის. ამიტომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობაში როგორც აქამდე, ისე მომავალშიც ვიზრუნებთ კონფლიქტის დეესკალაციაზე, სიტუაციის სამშვიდობო გზით მოგვარებისკენ, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ჟენევის ფარგლებში არსებულ იმ ძირითად ფუნდამენტზე, რასაც ჟენევა ეფუძნება, სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინწინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.