საზოგადოება
აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდზე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო გამოცდებში მონაწილეობა ვერ შეძლეს, სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობა, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

გარდა ამისა, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორციელებს.

განათლების მინისტრის განცხადებით, ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა.

სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებზე იმისათვის, რომ ამ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება შეფერხების გარეშე შეეძლოთ.

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში, რაც უზრუნველყოფილი იქნება 2019-2020 აკადემიური წლის დასაწყისისთვის.

უწყების ინფორმაციით, წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 100-ზე მეტი ახალგაზრდისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ დაფინანსებას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ. აღნიშნული პროგრამა მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე 27 ივნისიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დაიწყო. შესაბამისად, ენგურის ხიდზე მაშინ დაწესებული შეზღუდვის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების ნაწილმა ერთიან ეროვნული გამოცდებში მონაწილეობა ვერ მიიღო.