საზოგადოება
ვფიქრობ, ამერიკელების ჩართვის შემდეგ, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ანაკლიის პორტის საბოტირება - გია ხუხაშვილი

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. მე ვფიქრობ, ამერიკელების ჩართვის შემდეგ, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ანაკლიის პორტის საბოტირება - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „ანაკლიის კონსორციუმის“ განცხადება, რომლის მიხედვითაც, კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგლი შეასრულებს.

ეს მინიმუმ ხელისუფლების ნეიტრალიზაციას გულისხმობს, დიდი ალბათობით საბოტირების ალბათობას შეამცირებს. ხელისუფლება ძალიან უცნაურად იქცევა, მთელი ამ ხნის განმავლობაში. ერთის მხრივ ახდენს დეკლარირებას პროექტის მხარდაჭერის და მეორეს მხრივ ეწევა პროექტის დისკრედიტაციას და ეს არ ეხება მხოლოდ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. სკეპტიციზმი პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან ეპიზოდურად, მაგრამ მაინც ისმის. ასე რომ, ეს ნაბიჯი ბლოკირებას მოახდენს ამ ძალიან უცნაური თამაშის, რასაც ხელისუფლება აწარმოებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე ვფიქრობ, ხელისუფლება გარკვეული შანტაჟის ენაზე ელაპარაკებოდა, მათ შორის ამერიკელებსაც, ის ამბობდა ამ პროექტს მე ავაშენებ და არა კონსორციუმი. მე - ოღონდ მომეცით გრძელვადიანი პოლიტიკური გარანტიები ან არადა პროექტი საერთოდ არ აშენდება. ეს ჩანდა ხელისუფლების ტაქტიკურ მონახაზში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ამან ძალიან სახიფათო თამაშის ფორმები მიიღო. გადაწყვეტილება მისასალმებელია და მე ვფიქრობ გაანეიტრალებს ამ ძალიან უხარისხო და ძალიან სახიფათო თამაშს ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.