საზოგადოება
საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა! - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო. “ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა. ქედს ვიხდი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ამავე დროს, დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია, მუხლჩაუხრელი შრომა, იმ მიზნების მიღწევა, რაც არის დაგეგმილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომა იქნება გარანტია იმისა, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ რუსულ ოკუპაციას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.